ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ძლიერი მარცხენა ფლანგი, კიტე და სათამაშო გეგმა | თურქეთში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს

თურქმა მთავარმა მწვრთნელმა, ენგინ ფირატმა, რომელსაც სხვადასხვა დროს მოლდოვის ნაკრებში, „აინტრახტსა“ და „ქაისერში“ უმუშავია, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირებაზე ისაუბრა. ფირატმა „ჯვაროსნების“ გამორჩეული ფეხბურთელები და ვილი სანიოლის გუნდის ძლიერი მხარეები დაასახელა.

„ქართველები, განსაკუთრებით საშინაო მოედანზე, მაღალ ტემპში და აგრესიულ სტილში თამაშობენ. მათი მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. თუმცა, საქართველოს სერიოზული დანაკლისი აქვს - გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. ეს თურქეთისთვის უპირატესობაა, რადგან ქართველებს აკლიათ ფეხბურთელი, რომელსაც ტემპის მართვა და პასების განაწილება შეუძლია. საქართველო სახიფათო მეტოქედ რჩება, თუმცა შედარებით დასუსტებულია. თუ თურქეთი სწორ დისციპლინას დაიცავს, გამარჯვების შანსი მაღალია.

საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა - ვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია, მატჩის ბედი შეცვალოს. კვარაცხელია საკუთარი დრიბლინგით მეტოქე გუნდის მცველებს ანადგურებს და გოლებსა და ასისტებს აკეთებს. გიორგი მიქაუტაძე ძალიან ეფექტური თავდამსხმელია, რომელიც ყოველთვის ეძებს შანსს მეტოქის საჯარიმოში. გიორგი ქოჩორაშვილი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და შეუძლია, მოედნის ცენტრში, ტემპი შეცვალოს. გიორგი მამარდაშვილი, თავისი ბრწყინვალე რეფლექსებით, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეკარედ ითვლება. ეს მოთამაშეები მხოლოდ ინდივიდუალური ტალანტები არ არიან, მათ საქართველოს სათამაშო გეგმაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ნაკრების ხერხემალს წარმოადგენენ.

საქართველოს ცენტრალური მცველები მძიმე და ნელები არიან, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მათ ზურგს უკან სახიფათო შერბენები განვახორციელოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სწრაფი გარემარბები, რომლებსაც ცენტრში შესვლა შეუძლიათ, ძალიან ფასობენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტოქის კონტრშეტევებს მივაქციოთ ყურადღება. საქართველოს მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მისასვლელად 6-8 წამი სჭირდება და კონცენტრაცია არ უნდა მოვადუნოთ. სათანადო პრესინგის შემთხვევაში, შეგვიძლია, მეტოქეს შეცდომები დავაშვებინოთ, მაგრამ თუ დაცვაში ბალანსი დავკარგეთ, დაგვსჯიან. თურქეთს შეუძლია გაიმარჯვოს თუ სწორი დაცვითი დისციპლინით ითამაშებს და კონტრშეტევებისას ჭკვიანურად იმოქმედებს.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინ 40-წუთიანი ომია | ჯიკიჩმა მოგებულ მატჩსა და ბოსნიასთან შეხვედრაზე ისაუბრა
წინ 40-წუთიანი ომია | ჯიკიჩმა მოგებულ მატჩსა და ბოსნიასთან შეხვედრაზე ისაუბრა