წინ 40-წუთიანი ომია | ჯიკიჩმა მოგებულ მატჩსა და ბოსნიასთან შეხვედრაზე ისაუბრა
ევრობასკეტის C ჯგუფის მე-4 ტურში კვიპროსი საქართველოსთან დიდი ანგარიშით, 61-93 განადგურდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა მედიასთან ისაუბრა.
„მეტოქე პატივისცემას იმსახურებს, პარკეტზე ყოველ მატჩში მაქსიმალურად იხარჯებიან, ეს შთამბეჭდავია.
რაც შეეხება ჩვენს თამაშს, სივრცეები ვიპოვეთ, კარგი სროლები შევასრულეთ და ეს ჩვენთვის უფრო ადვილია, სამიანებს კარგად ვისვრით.
დაცვაში ენერგიულად ვმოქმედებდით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს. ბოსნიასთან მატჩში გადაწყდება, ვინ გავა შემდეგ ეტაპზე. ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანი შესრულდა, ჯანმრთელები ვართ და იმ დონეზე ვართ, სადაც გვინდოდა ვყოფილიყავით.
როგორც თქვით, აშკარა იყო, რომ ყველაფერი ბოლო თამაშში გადაწყდებოდა. ჩვენ ვცადეთ, მათაც სცადეს, რომ სხვა მატჩები მოეგოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ასე დასრულდა და ეს სამართლიანია.
დღეს სივრცეები ვიპოვეთ და სროლები შევასრულეთ. თუ ბოსნიის თამაშს ნახავთთ, ისინი აკეთებენ ამას. ამიტომ, როგორც თორნიკე შენგელიამ თქვა: ეს იქნება 'ძაღლის ბრძოლა', მეტოქის მიმართ სრული პატივისცემით. ველოდებით, რომ ისინი მოედანზე ყველაფერს დადებენ, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, ვემზადებით რთული 40 წუთისთვის, 40-წუთიანი ომისთვის''.
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მოუგო (83-69), მეორე ტურში ჩვენი გუნდი იტალიასთან დამარცხდა (78-62). მესამე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იყო, ჯიკიჩმა აქცენტი ბოლო ორ ტურზე გააკეთა და ქართველი კალათბურთელები ბერძნებთან ბოლომდე არ დახარჯულან (53-94), სხვაობა 41-ქულიანი იყო. ევრობასკეტის დასკვნით ტურში საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩი ოთხ სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. თუ ამ მატჩს მოვიგებთ, მერვედფინალში ვითამაშებთ. შესაძლოა, მარცხის შემთხვევაშიც გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, თუმცა ამისთვის საჭიროა ესპანეთი ბოლო ტურში საბერძნეთთან დამარცხდეს.