„არ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს ნაკრებს ვუკაპიტნებდი“ - ხვიჩა მატჩის შემდეგ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ლიდერმა და ბულგარეთთან მატჩში გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი შეაფასა და კაპიტნობისგან გამოწვეულ ემოციებზეც ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„თურქეთთან მარცხის შემდეგ ვფიქრობდით იმაზე, რომ რომ არ წაგვეგო, როგორი მდგომარეობა იქნებოდა დღევანდელი მატჩის შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველა გუნდთან თამაში და გამარჯვება შეგვიძლია. ოქტომბრისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, კლუბებში ვითამაშოთ და იდეალურ კონდიციებში დავბრუნდეთ, რათა ოქტომბერში ორივე თამაში წარმატებით დავასრულოთ.“
„კაპიტნობა? ამაზე ოცნებაც რთული იყო. არ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს შესაძლოა გუნდისთვის და მით უმეტეს საქართველოს ნაკრებისთვის მეკაპიტნა. ძალიან ბედნიერი ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მაგრამ რა თქმა უნდა, სანამ კაშო ფეხბურთს თამაშობს, ჩვენი კაპიტანი ის იქნება. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მითხრეს, რომ კაპიტანი უნდა ვყოფილიყავი და ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავი კარგად გავართვი.“
„რა ვუთხარი გუნდს? კაშო ყველას აძლევს უფლებას, რომ თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, თქვას. განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე მეკეთა სამკლავური თუ სხვას. გუნდში ისეთი სიტუაციაა, რომ ყველა აძლევს თავს უფლებას რაც უნდა, ის თქვას, მოტივაცია მოგვცეს და გუნდი გაამხნევოს.“
ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ქულები აიღო. 2 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღზევდა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.