„სასაცილო გოლები გავუშვით, ქართველებს უფრო გაუმართლათ“ - ბულგარელები მარცხის შემდეგ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი ბულგარელმა ფეხბურთელებმა შეაფასეს და მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს.
ანტონ ნედიალკოვი:
„ქართველებმა რიგ სიტუაციებში ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ცოტა უფრო მეტად გაუმართლათ. ესპანეთთან გაცილებით უკეთესი მატჩი ჩავატარეთ. ნაკრებში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად, გუნდური თამაშია საჭირო. სწორედ ამის გამო გავუშვით ასეთი სასაცილო გოლები.“
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბულგარული ფეხბურთის დონე არც ისე კარგია. თუ რეალურად შევხედავთ, არ შეიძლება ბულგარეთში მხოლოდ 2-3 გუნდი იყოს, რომლებიც წინ მიიწევენ. ამ გუნდებშიც ბულგარელი ფეხბურთელები უნდა დაწინაურდნენ და მეტი სათამაშო დრო ჰქონდეთ, რათა ეროვნული ნაკრებიც განვითარდეს. ხომ ხედავთ, საქართველოს ნაკრებში მინიმუმ ნახევარი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ და სად არიან ჩვენი ფეხბურთელები? კლუბების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში კარგი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც თავის კლასს გამოავლენენ. დიახ, გუნდური თამაში და ხასიათი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელებიც როგორმე უნდა განვავითაროთ.“
გეორგი მილანოვი:
„როგორც წესი, წაგებული თამაშისა და გაშვებული გოლების რაოდენობის გათვალისწინებით განწყობა დაძაბულია, ამას ისიც ემატება, თუ როგორ გავუშვით ეს გოლები. ველოდით, რომ დაძაბული და თანაბარი მატჩი იქნებოდა. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში კარგ სიტუაციაში ვიყავით და კარგი მომენტები შევქმენით, გოლის გატანაც შეგვეძლო. თუმცა, ფეხბურთში „თუ“ არ არსებობს და მათი შეცდომების გამოყენება ვერ შევძელით, მათ კი პირიქით, ჩვენი შეცდომების გამო დაგვსაჯეს. საქართველოს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. ეს მარცხი ყველას გვტკივა, მაგრამ ეს შედეგი დღევანდელ რეალობას ასახავს.“
„ესპანეთთან მარცხის შემდეგ, მწვრთნელმა გარკვეული ცვლილებების შეტანა სცადა, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე 3 დღე იყო და ასეთ მოკლე დროში ძირეული ცვლილებების გაკეთება რთულია. ახალი მოთამაშეების გამოყენება სცადა, გეგმა კი კონტრშეტევაზე თამაში იყო, მაგრამ არ გამოგვივიდა.“
„2-3 ახალგაზრდა ბიჭი გვყავს, დღეს მათ საკვანძო პოზიციებზე ითამაშეს. ეს არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი. იმედია, ბულგარული კლუბები მეტ ბულგარელ მოთამაშეს გაზრდიან, განავითარებენ და შანსს მისცემენ.“
როზენ ბოჟინოვი:
„ყველამ ნახა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გაბრაზებული ვარ, რადგან ისეთი შეცდომები დავუშვით, რითაც საქართველოს ნაკრებმა ორი გოლი გაიტანა. პირველ წუთებში ინიციატივა ჩვენს ხელთ იყო და გოლის გატანის მცდელობა გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. შემდეგ ქართველებმა ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და ინიციატივა ხელში ჩაიგდეს. როდესაც მოედანზე გავდივართ, ყველამ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამას ყველანაირად ვცდილობთ. გაკვეთილი ისაა, რომ ბურთით უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ და მეტი კონცენტრაცია გამოვიჩინოთ. დავინახეთ, რომ თუ ფეხბურთის თამაში გვინდა, ეს შეგვიძლია კიდეც, მაგრამ ბურთის ფლობისას უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.“
ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ქულები აიღო. 2 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღზევდა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.