დამაჯერებელი გამარჯვება ბულგარეთთან - საკვალიფიკაციოზე პირველი ქულები ავიღეთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
თურქეთთან მარცხის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში ვილი სანიოლმა რამდენიმე ცვლილებას მიმართა. გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, დაცვის ცენტრში კი ლუკა ლოჩოშვილმა და საბა გოგლიჩიძემ ითამაშეს. კაშიას გარდა, სათადარიგოთა სკამზე გიორგი წიტაიშვილიც, მათ ნაცვლად კი სასტარტოდან თამაში ნიკა გაგნიძემ და ირაკლი აზაროვმა დაიწყეს. ბულგარეთთან გუნდს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა. ჩვენი გუნდის ერტ-ერთი ლიდერი კაპიტნის სამკლავურით პირველად ვიხილეთ.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. ბულგარელთა კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს ვილი სანიოლის გუნდმა სხვაობა ორამდე გაზარდა. თავი ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
საბოლოო ანგარიში კი 65-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ქულები აიღო. 2 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღზევდა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.