“განსხვავებული თამაში ვიხილეთ“ - ხიზანიშვილი ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველომ ბულგარეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ხიზანიშვილი:
„პირველ რიგში გილოცავთ კალათბურთელების გამარჯვებას. გილოცავთ ამ მართლაც განსაკუთრებულ დღეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, განსხვავებული თამაში ვიხილეთ. ამისთვის ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა. მათ 2 დღეში ძალები აღიდგინეს. ზუსტად გაიაზრეს, რა იყო სამწვრთნელო შტაბის დავალება. მინდა გამოვყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პირველ შეტევაში საოცარი ბურთები მოიგერია. ის რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა. მან თამაშის სურათი შეცვალა.
გურამ კაშიას დიდ პატივს ვცემ. მან არაერთხელ უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისი შეცდომა უბრალოდ ინდივიდუალური შეცდომა იყო. მისი დღეს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა არაფერს ნიშნავს. მას ეროვნული ნაკრების და ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს. ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ. ლომინაძეს დიდი პოტენციალი აქვს და მისით კმაყოფილები ვართ. გვინდა, რომ თავის კლუბში თამაში გააგრძელოს და ბევრი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
კაკაბაძის შეცდომა? შეცდომების გამო ჩვენ ფეხბურთელებს არ ვაკრიტიკებთ. გოგლიჩიძეზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. როდესაც ის ეროვნულ ნაკრებში მოვიდა, ჩვენი რეაქცია იყო „ვაუ“. ის ძალიან სწრაფი და ძლიერია ორთაბრძოლებში. ამას ჩვენ ვარჯიშებზეც ვხედავთ. გუნდი შეიცვალა, გადავიდა უდინეზეში და ახლა ის სერია ა-ში თამაშობს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში. საბა მომავალი წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი იქნება.
გასვლის შანსები? წინ ორი რთული თამაში გველის. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა ვინ რამდენ ქულას აიღებს. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე და არამარტო, შანსები გვაქვს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. კვარაცხელიას კაპიტნობა? არ აქვს მნიშვნელობა ვის ეკეთება სამკლავური. ხვიჩა ისედაც ჩვენი ნაკრების და ქვეყნის ლიდერია.
სამწუხაროდ, პრობლემები ისევ არსებობს და იარსებებს, თუმცა ეს პრობლემები აბსოლუტურად ყველგან არსებობს. ოქტომბერში ურთულესი თამაშები გველის და იქ უფრო მეტად დავინახავთ ამ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ყველა თამაშის მოგებას ვეცდებით. უნდა გამოვიდეთ თამაშზე და ყველას დავანახოთ, რომ ადვილად ვერავინ მოგვიგებს. რეალობას რომ არ გავცდეთ, ვიტყვი, რომ ამ შესარჩევ ციკლში მეორე ადგილის დაკავება და პლეი-ოფში გასვლა დიდი წარმატება იქნება. როცა ჯგუფში ესპანეთი გყავს, რთულია იფიქრო პირველ ადგილზე."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს. ჯვაროსნები შემდეგი ტურის მატჩს 11 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.