საქართველოდან უკრაინაში | რუხაძის ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის ზურაბ რუხაძე გორის „დილადან’’ უკრაინულ „კოლოსში’’ გადავიდა. „დილას'' პრესსამსახურის ცნობით, კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი თვით აკავშირებდა, თუმცა საბოლოოდ „დილა'' ტრანსფერს დათანხმდა.
„კოლოსი'', რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა გაგნიძეა, 4 ტურის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატში „შახტართან'' ერთად 10 ქულით მეორე ადგილს იყოფს.
ამპლუით მარცხენა მცველი ზურაბ რუხაძე „იბერიას’’ აღზრდილია. პროფესიულ დონეზე ლატვიურ „მეტასა’’ და გორის „დილაში’’ უთამაშია. „კოლოსი’’ მისი მესამე კლუბი იქნება. Transfermarkt-ი 200 000 ევროდ აფასებს.
რაც შეეხება სანაკრებო გამოცდილებას, საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდული ნაკრების შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გასულ ზაფხულში სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.
ფოტო: „დილას'' პრესსამსახური