„ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო, სამქულიანებით ვერ დავსაჯეთ“ - რას ამბობენ ფრანგები საქართველოსთან მარცხზე
Aa
Aa

„ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო, სამქულიანებით ვერ დავსაჯეთ“ - რას ამბობენ ფრანგები საქართველოსთან მარცხზე

ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა. შედეგად, ჩვენმა ქვეყანამ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევრობასკეტის 1/4 ფინალში თამაშის უფლება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგმა კალათბურთელებმა საქართველოსთან მარცხი შეაფასეს და იმედგაცრუება ვერ დამალეს.

ელი ოკობო:

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთით ვითამაშეთ დიდი ინტენსივობით. ქართველები ჩვენზე ბევრად მონდომებულად თამაშობდნენ. ვიცით, რომ როდესაც შეტევაში წარმატებას ვერ აღწევ, დაცვა გიწევს, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ. მაგრამ ამჯერად, მათ ბევრი მარტივი ბურთის გათამაშების შესაძლებლობა მივეცით, ისინი კი თავდაჯერებულები იყვნენ და თავიანთი თამაშის დემონსტრირებას ახდენდნენ, იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდით, რაც უნდა გაეკეთებინათ. საკმარისად ძლიერები არ ვიყავით.“

სილვენ ფრანცისკო:

„არ შეიძლება 1/8 ფინალში პირველი მეოთხედის ასე დაწყება. ასეთ თამაშში მოგებაც და წაგებაც უკვე გადამწყვეტია. როდესაც თამაში დაიწყეს, მაშინვე თავდაჯერება მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე თავებს შეუჩერებლად გრძნობდნენ. ჩვენ კი არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოვიყურებოდით. ბურთს ხშირად კარგავდნენ და ზონებს ტოვებდნენ, ჩვენ კი სამქულიანებით ვერ დავსაჯეთ.“

„ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიყავით და ამასთან, რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშეც გვყავდა. ვეცადეთ, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელით. ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო. ეს თავის კვალს დატოვებს. ვგრძნობთ, რომ ყველაფერი სწორად არ გავაკეთეთ, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ და ყურადღება შემდეგ ტურნირზე გავამახვილოთ - კატარის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხალხი იძახდა, რომ აქ შემთხვევით მოვხვდით. ჩვენ აქ ვრჩებით!“ - ჯიკიჩი საფრანგეთთან გამარჯვებაზე
„ხალხი იძახდა, რომ აქ შემთხვევით მოვხვდით. ჩვენ აქ ვრჩებით!“ - ჯიკიჩი საფრანგეთთან გამარჯვებაზე