„ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ“ | ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
საქართველოს პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ ჟურნალისტმა ცოტნე ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „ჯვაროსნებისა“ და პსჟ-ის თავდამსხმელი თურქეთთან მოახლოებულ სანაკრებო მატჩზე, საკუთარ მდგომარეობასა და ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
„ტრავმას რაც შეეხება, თითქმის 90 პროცენტით მზად ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. როდესაც ნაკრებისთვის თამაშობ, ტკივილიც უფრო ნაკლებია. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა – თამაშებს მოუთმენლად ველი.
რთულია, როდესაც ორი წამყვანი მოთამაშის (ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი) გარეშე გვიწევს თამაში, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი შევცვალოთ. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება, მაგრამ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ჩვენთვის დიდი დანაკლისია.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დავამტკიცეთ, რომ ყველა გუნდთან თამაში შესაძლებელია. ჩემი აზრით, თურქებთან მარცხს არ ვიმსახურებდით. ახლა უკეთესი გუნდი ვართ – როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გვინდა, თბილისში ვთამაშობთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეტოქე. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება.
ნაკრებიდან ნიკა კვეკვესკირი წავიდა, ის თითოეული ახალგაზრდისთვის მაგალითის მიმცემი იყო – ჩრდილოეთ მაკედონიასთან კორონა რომ დამიდასტურდა, ნიკამ ვრცელი წერილი მომწერა, რაც ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო. ის სამაგალითო ადამიანია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა და დიდი როლი ითამაშა, დღეს ასეთი ძლიერი ნაკრები რომ ვართ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში დარჩა.
რა შეიცვალა ეროვნულ გუნდში სანიოლის მოსვლის შემდეგ? პირველ რიგში, ვილი ძალიან კარგი პიროვნება და სპეციალისტია. ახალ მწვრთნელთან ადაპტაციაა საჭირო. ჩემი აზრით, ყველაფერი ძალიან სწორად და კარგად განვითარდა. ჩვენც გავიზარდეთ და მან ამაში დიდი როლი ითამაშა. ყველაფერს ყურადღება ექცევა და ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი მწვრთნელია. მისგან ბევრს ვსწავლობთ და ვვითარდებით.
ადრე ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ახლა შეუძლიათ თქვან, რომ ძლიერ ინდივიდუალისტებთან ერთად, გუნდიც ძლიერია. ეს დავამტკიცეთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და ჩემი აზრით, მაქსიმუმი გავაკეთეთ.
ევრო 2024-ის შემდეგ ნაკრები უფრო განვითარდა და დღეს უფრო ძლიერები ვართ. რა შეიცვალა ამ პერიოდში? ინდივიდუალური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოთამაშეთა უმრავლესობა ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობს, გამოცდილებას იღებენ და მერე ნაკრებს ეხმარებიან – ეს გუნდზეც დადებითად აისახა.
რეალურია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? რა თქმა უნდა. თავიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ ეს შრომის შედეგია. თუ საქმისთვის ბოლომდე დაიხარჯები, ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთელები არაფერს დავაკლებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მერე ეს მეორე ოცნებაა, რომლის ახდენაც გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიდი ზეიმი კიდევ ერთხელ განვიცადოთ – ჩემი აზრით, ეს ძალიან ეხმარება ქვეყანას განვითარებაში.
საქართველოში თამაში ძალიან მომენატრა, აქ რომ ვთამაშობთ, მეტოქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გულშემატკივარი დიდ ენერგიას გვაძლევს და აქ ჩვენთან თამაში ძალიან რთულია. კარგად დაემთხვა, რომ პირველი ორი შეხვედრა საქართველოში გვაქვს – ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ. მივმართავ გულშემატკივრებს, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ“.