„საქართველოს ბევრი თამაში ვნახეთ და ყველაფრისთვის მზად ვიყავით“ - მონტელა მატჩის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა მონტელამ:
„რა იყო გადამწყვეტი? როდესაც ჩვენმა ფეხბურთელმა წითელი მიიღო, ეს კრიტიკული იყო. მანამდე უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ კაცის გაძევების შემდეგ თამაშის სცენარი შეიცვალა. მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ მიხარია, რომ თამაშის შედეგზე ამან გავლენა არ იქონია.“
„ველოდი თუ არა საქართველო რომ 4 მცველით ითამაშებდა? წინა თამაშებიდან გამომდინარე ჩვენ ამის წინააღმდეგ მოვემზადეთ. ვაკვირდებოდით და ამისთვის მზად ვიყავით. ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა.“
„რა იყო სხვაობა ბოლო ორ თამაშში? ორივე მატჩი განსხვავებული იყო. საქართველომ იმ მატჩიდან ამ მატჩამდე დიდი პროგრესი განიცადა. დღევანდელი მატჩი უფრო რთული იყო. ზოგადად, მსგავსი ხასიათის ტურნირზე პირველი თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს ყოფილა. მინდა მივულოცო საქართველოს, რადგან მათი პროგრესი ნამდვილად შთამბეჭდავია“.
„ესპანეთთან კონკურენცია? ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ყოველი მატჩის წინ სხვანაირად ხდება ტაქტიკის დაგეგმვა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. თურქეთს საკმაოდ კარგი და ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს და ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.“
შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში თურქეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებს მიიღებს, საქართველო კი „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.