ქეცბაია და ანორთოსისი გამოირიცხა - რას წერს კვიპროსული მედია
თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნება საბოლოოდ გამოირიცხა.
ბოლო საათების განმავლობაში, კვიპროსული მედია აქტიურად წერდა, რომ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელები ქართველ სპეციალისტთან აქტიურ კონტაქტზე იყვნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„კლუბის ხელმძღვანელებმა ქეცბაიას მხარეს ყველა მონაცემი და მოთხოვნა წარუდგინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ხედვებს შორის „უფსკრული“ იყო. ამიტომ მოლაპარაკებები შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა“, - წერს კვიპროსული გამოცემა alphanews-ი.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ორი ვადით წვრთნიდა - ჯერ 2004-2009 წლებში, შემდეგ კი 2019-2022 წლებში. ქართველი მწვრთნელი ბოლოს კვიპროსის ნაკრებში მუშაობდა და გუნდი 2024 წელს დატოვა.