თოფურიას მარკას ლეგენდის ჯილდო გადასცეს | ქართველის მორიგი აღიარება
მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ 2024 წელს ესპანური სპორტის ისტორიაში გარღვევა მოახდინა და გახდა პირველი ესპანელი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის ტიტული მოიპოვა, ივნისში მან თავისი სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა: მსუბუქ წონაში ჩარლზ ოლივეირას (36-11) დამარცხებით, ის ორმაგი ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებამ იგი MMA-ს პანთეონში დაამკვიდრა (ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ 11 ორმაგი ჩემპიონია) და დაადასტურა, რომ ილია მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი სუპერვარსკვლავია. ახლა კი, მან ეს დიდებული წელი „MARCA Leyenda-ს“ (მარკას ლეგენდა) ჯილდოს მიღებით დააგვირგვინა.
ქართველი მებრძოლი ცნობილ ესპანურ გამოცემას ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული ინტერვიუდან.
MARCA: დაასრულებთ თუ არა 2025 წელს UFC-ის ორმაგი ჩემპიონისა და „MARCA-ს ლეგენდის“ სტატუსით?
ილია: ძალიან მომწონს ეს პერსპექტივა. გულწრფელად გეტყვით, არც ვიცი, ამ ორიდან რომელი უფრო მეტად მხიბლავს.
MARCA: რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ „ლეგენდის“ ბრენდის მატარებელი?
ილია: სიმართლე გითხრათ, ეს დიდი პატივია. ჩემი სახელის ხსენება იმ უამრავ ნიჭიერ ადამიანს შორის, რომელიც სპორტმა გვაჩუქა და ამ აღიარების მიღება... ამან მართლაც უზომოდ გამაბედნიერა. მინდა, აქვე მადლობა გადავუხადო MARCA-ს მთელ გუნდს ამ პატივისცემისთვის.
MARCA: ყველა გეგმა ამისკენ მიგითითებდათ, თუ თქვენმა სწრაფმა კარიერულმა წინსვლამ თავად თქვენც კი გაგაოცათ ?
ილია: მე ასე ვიტყოდი, ხანდახან ცხოვრებაში გვაქვს გარკვეული სცენარი, მაგრამ შემდეგ ჩნდება სხვადასხვა გზები, რომლებსაც შესაძლოა არც კი ველოდით... რადგან ზოგჯერ ისე ვფოკუსირდებით საბოლოო მიზანზე, რომ თავად გზა გვავიწყდება, თუმცა მაგია სწორედ მაშინ ხდება, როცა ეს ახალი შტოები იშლება, როცა გიწევს ძირითად გზას ცოტათი გადაუხვიო და განსხვავებული გამოცდილებები მიიღო. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ყველაფრით, რაც გამოვიარე. როგორც აღნიშნეთ, სპორტული თვალსაზრისით ეს შესანიშნავი წელი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს არის ის, რისთვისაც წლებია ვშრომობთ და რაც ბოლო პერიოდში ნაყოფს იძლევა... და ეს ნაყოფი კიდევ უფრო მეტი იქნება.
MARCA: აცნობიერებთ, რომ ის, რასაც მიაღწიეთ, ძალიან რთულია?
ილია: რა თქმა უნდა, ამაზე ხშირად ვფიქრობ. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის წარმოვიდგენდით, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენ ამისთვის ვიმუშავეთ და აი, შედეგიც. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ეს პროექტი გულთან ახლოს მიიტანა, ვინც პირველივე დღიდან მხარს გვიჭერდა და მათიც, ვინც გზადაგზა შემოგვიერთდა. მართლაც მადლიერი ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველაფერი ასეთ მასშტაბებს მიიღებდა — რომ სპორტი, რომელიც იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, პრაქტიკულად უცნობი იყო, ახლა ასე აღზევდებოდა და ხალხი მას ასე შეიყვარებდა. სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი.
MARCA: ეს არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
ილია: ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, როდესაც ბავშვები მოდიან ჩემთან და ასეთი აღტაცებით მიყურებენ. როცა თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ უნდათ, ჩემნაირები იყვნენ. აი, მაშინ ვგრძნობ ნამდვილ სიამაყესა და მადლიერებას, რადგან, გარკვეულწილად, ეს ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ სხვების შთაგონების ერთადერთი გზა პირადი მაგალითის მიცემაა. მიხარია, რომ შემიძლია ვიყო მაგალითი როგორც ახალი, ისე არსებული თაობებისთვის.
MARCA: ვინმესთვის მისაბაძი მაგალითი იყო, არის თუ არა ყველაზე დიდი მიღწევა, რისკენაც ადამიანმა შეიძლება ისწრაფოს? არა მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის ან ნათესავებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც თქვენს ახლობელთა წრეს მიღმაა.
ილია: ეს უზომოდ მაბედნიერებს. ვხედავ, როგორ განიცდის და აღიქვამს ამ ყველაფერს ჩემი უმცროსი ვაჟი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახში ბევრი სხვა ბავშვიცაა. გარეთ გასვლისას კი კიდევ უამრავ პატარას ვხვდებით. მათ სახეებზე დანახული აღფრთოვანება სწორედ ის არის, რაც ახლა მოტივაციას მინარჩუნებს.
MARCA: „მინდა ვიყო ილია თოფურიასნაირი“ - ახლა ეს ფრაზა მთელ ესპანეთში ისმის.
ილია: მართლა? ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, ეს სიტყვები სულ უფრო და უფრო ხშირად გაჟღერდება.