ლუკა ხორხელი
Aa
Aa

სადებიუტო გოლი ჩემპიონატში - ხორხელმა 2025 განსაკუთრებულად დაასრულა

ლუკა ხორხელს სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ადაპტაცია თავდაპირველად გაუჭირდა, თუმცა ბოლო პერიოდში „სპარტაკ ტრნავას“ ძირითადში ადგილის დამკვიდრება შეძლო, ხოლო გუშინ „სკალიცასთან“ (2:0) საშინაო გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ნიკე ლიგაში სადებიუტო ბურთი გაიტანა.

წინა სამი მატჩის მსგავსად, ლუკამ ამჯერადაც „ტრნავას“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში და მასპინძლები 41-ე წუთზე დააწინაურა, როდესაც სტუმართა საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა და ზუსტი თავური დარტყმით აიღო სტუმართა კარი. ხორხელი მთავარმა მწვრთნელმა 70-ე წუთზე შეცვალა და მოედანზე გატარებულ დროში ქართველმა ლეგიონერმა კარისკენ სამჯერ დაარტყა, საიდანაც ერთმა მიზანს მიაღწია, ხოლო ორჯერ დაუბლოკეს. გარდა ამისა, გააკეთა ექვსი გამამწვავებელი გადაცემა, პასები 78-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 41-ჯერ შეეხო და დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ათბალიანი სისტემით „სამგურალის“ ყოფილმა ლიდერმა 7.7 მეათედი შეფასება მიიღო.

ცნობისათვის, სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ორთვიანი პაუზა გამოცხადდა და სეზონის პირველი ნახევარი „სპარტაკ ტრნავამ“ 35 ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა. რაც შეეხება ლუკა ხორხელს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკე ლიგაში მისთვის ეს სადებიუტო ბურთი გახლდათ, ყველა ტურნირზე კი ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია