მიქაუტაძის თამაში გადაიდო - მიზეზი ცნობილია
ესპანეთის ლა ლიგის XVI ტურის დღეს ჩასატარებელი შეხვედრა „ლევანტესა“ და „ვილიარეალს“ შორის ვალენსიაში მოსალოდნელი ძლიერი წვიმის მიზეზით ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ვალენსიის პროვინციის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზე ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.
გაირკვა, რომ ის გულშემატკივრები, რომელთაც „სიუდად დე ვალენსიაზე“ გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ, ჩვეულებრივად ისარგებლებენ მაშინ, როდესაც შეხვედრა ჩაინიშნება. უდავოდ ფავორიტად „ყვითელი სუბმარინა“ მიიჩნეოდა, რომელიც მიმდინარე პრიმერადივიზიონში ძალიან კარგად გამოიყურება და თხუთმეტი თამაშის შემდეგ დაგროვებული 35 ქულით მესამე ადგილზეა.
ცნობისათვის, „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 17 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.