„სასიამოვნო არაა, როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული“ | ჯიკიჩის პრესკონფერენცია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდერ ჯიკიჩმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. ჯიკიჩს კამარ ბოლდუინი ახლდა და მათ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 76:84-ით წაგებული შეხვედრა შეაფასეს.
კამარ ბოლდუინი
„პირველ რიგში, ბოსნიას გამარჯვებასა და პლეიოფში გასვლას ვულოცავთ. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენი კალათბურთის თამაშითა და ერთიანობით ანგარიში გავათანაბრეთ. სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ახლა საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩს უნდა დაველოდოთ.
ვერ ვიტყოდი, რომ 15 ქულის აღმოფხვრის შემდეგ ჩვენი მარცხი დაღლილობამ განაპირობა, თუმცა ფაქტორი ნამდვილად იყო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ბევრი შეტევა გვქონდა, რომლების დროსაც მეტოქის ფარისკენ ბურთიც კი ვერ ვისროლეთ. ბიჭებს ორგანიზება ვერ გავუწიე, რომ ქულები აგვეღო და უკან სწორედ ამან დაგვხია.“
ალეკსანდერ ჯიკიჩი
„ბოსნია და ჰერცეგოვინას გამარჯვებას ვულოცავთ. შანსები გვქონდა, განსაკუთრებით, როდესაც ანგარიში 69:69 იყო. ამის შემდეგ, მათ თამაში უკეთ გააკონტროლეს და გაიმარჯვეს. შეგვეძლო, მომენტებში უფრო ჭკვიანურად გვეთამაშა, თუმცა ეს არის, რაც არის. დღევანდელი დღის ბოლო მატჩს დაველოდებით და გავიგებთ, რიგაში წავალთ თუ არა. სასიამოვნო სიტუაცია არ არის, როდესაც შენი ბედი სხვაზეა დამოკიდებული. მაქსიმალურად ვეცადეთ, მიზნისთვის მიგვეღწია, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. ჩვენი ზოგიერთი ქმედება შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ამისგან უნდა ვისწავლოთ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ბედი საბერძნეთისა და ესპანეთის შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუ ბერძნებმა მოიგეს, პლეიოფში მეოთხე ადგილით გავალთ და D ჯგუფის პირველადგილოსანს შევხვდებით.