„ველოდებოდით, რომ საქართველო სხვანაირად ითამაშებდა“ | რა თქვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ
თურქეთის ნაკრების კაპიტანმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ და მისმა თანაგუნდელმა, იუნუს აკგიუნმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრეს. ჩალჰანოღლუმ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი საერთოდ სხვანაირ თამაშს ელოდებოდა.
„განსხვავებულ თამაშს ველოდებოდით. ველოდებოდით მეტოქეს, რომელიც პრესინგს უფრო აქტიურად მიმართავდა. შეიძლებოდა, მატჩი სხვა შედეგით დასრულებულიყო და წითელი ბარათის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა, თუმცა მთავარი სამი ქულაა. დიდი მიზანი გვაქვს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გვინდა. მაქსიმუმს გავაკეთებთ და უკეთესები უნდა ვიყოთ. მეორე ტაიმში სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიწია და თანაგუნდელებს გამარჯვებას ვულოცავ. ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.
„თამაში კარგად დავიწყეთ. წითელმა ბარათმა დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ ვიცოდით, როგორ უნდა მოგვეგო. გუნდში იდეალური ატმოსფეროა და გვინდა, ასე გავაგრძელოთ. გვინდა, მომდევნო შეხვედრა მოვიგოთ და მიზნისკენ წავიდეთ. საქართველოს დამარცხებით ბედნიერნი ვართ და იმედია, ასე გავაგრძელებთ", - აღნიშნა აკგიუნმა.
ცნობისთვის, თურქეთმა 3:2 მოიგო. მათი მხრიდან დუბლი მიითვალა კერემ აქთიურქოღლუმ, ხოლო პირველი გოლი მერთ მიულდურის ანგარიშზეა. „ჯვაროსნების“ რიგებში გოლები ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.