„ვიცით, საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია“ - მონტელას და დემირალის პრესკონფერენცია
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ და ფეხბურთელმა მერიჰ დემირალმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ვინჩენცო მონტელა:
ოთხი მეკარე გვყავს და ოთხივე ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა ხვალ ვინ ითამაშებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, არ მიყვარს წინასწარ თქმა, თუ ვინ ითამაშებს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ შეხვედრას, რა თქმა უნდა, მახსოვს ის თამაში, მაგრამ ახლა ყველაფერი განსხვავებული იქნება. ჩვენი მეტოქე თავისი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებს და ეს დამატებითი მუხტი იქნება. კონკრეტული ტაქტიკა არ მაქვს. რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, მაგრამ შეხვედრის დაწყების შემდეგ გამოჩნდება, ამ გეგმას უნდა მივყვეთ, თუ შევცვალოთ.
საქართველოს დიდ პატივს ვცემ. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა და ძალიან კარგ ფორმაშია. მათ, ისევე როგორც ჩვენ, თავისი გულშემატკივრები ძალიან გაახარეს და ხალხი ფეხბურთელებით ამაყობს. ვიცით, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი თამაში არც ერთი გუნდისთვის არ იქნება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და გვინდა, რომ მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.
მერიჰ დემირალი:
გუნდში პრობლემა ერთმანეთთან არავის აქვს. ეს წარმოუდგენელია. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ყველანი მზად ვართ და მოტივირებულები ვართ. ხუთშაბათს ამას დავამტკიცებთ. მოტივაცია ძალიან მაღალ დონეზეა. ერთმანეთს ყველა კარგად ვუგებთ და აქ ყოფნა ძალიან გვიხარია. ყველა მზად ვართ. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
ვიცით, ამ მატჩის მნიშვნელობის შესახებ და გვინდა, რომ გამარჯვებით დავიწყოთ საქართველო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა, მაგრამ ჩვენც გავაუმჯობესეთ ბევრი კომპონენტი. კარგად ვივარჯიშეთ და მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. იმედია, მოედანზე ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოვაჩენთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს და ამის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით.
ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშე არის, მაგრამ მასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან. მაგრამ ჩვენის მხრივ, კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ, ყველაფრისთვის მზად ვართ და არც ერთ მოთამაშესთან დანებებას არ ვაპირებთ. ყველა წერტილში ბოლომდე ვიბრძოლებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.