ვილი სანიოლი, გურამ კაშია
Aa
Aa

„თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა, თურქეთს და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ“ - კაშიას და სანიოლის პრესკონფერენცია

ხვალიდან, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

ჩვენი გუნდი შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა, გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გურამ კაშია:

ვფიქრობ, გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო და ძალიან კარგ რაღაცებზე ვიმუშავეთ, ამიტომ ეს უფრო მეტ თავდაჯერებას გვაძლევს. სეზონის დასაწყისში ზოგიერთი ფეხბურთელის უთამაშებლობა პრობლემად რომ აღვიქვათ, ამის დროც არ გვქონდა, რადგან ძალიან კარგად ვივარჯიშეთ. ამ ორ დღეში მაგის მიზეზი ნამდვილად არ გვქონდა. მზადება ძალიან კარგად მიდის.

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ 3 გოლი გავუშვით, იმ შედეგს არ ვიმსახურებდით. მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტი გამოცდილებით, რწმენითა და თავდაჯერებით ვითამაშებთ. ვითამაშებთ საკუთარ კედლებში და საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად ვეცდებით, რომ პირველ თამაშში ქულები ავიღოთ. ეს არის ჩვენი მიზანი.

ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება. რა თქმა უნდა, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ როგორც ვთქვი, ძალიან ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა. კიტეს და ჩაკვეს სახით, რა თქმა უნდა, დანაკლისი ძალიან დიდია, გუნდისთვის უდიდესი ძალაა ორივე, მაგრამ დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ხვალინდელ თამაშში ძალიან არ დაგვეტყობა მათი არყოფნა. მათთან ერთად სხვანაირად ვთამაშობთ, მაგრამ ამჯერად, მათ გარეშე მოვემზადეთ, იმედია, ეს დანაკლისი შედეგზე არ აისახება.

რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი რეალურად უნდა შევაფასოთ. ძალიან რთული ჯგუფია. ვიცით, ესპანეთის ნაკრები როგორი გუნდიცაა და რისი გაკეთებაც შეუძლიათ, როგორი რთული არის მათ წინააღმდეგ თამაში. მე პირადად 7 თუ 8-ჯერ ვეთამაშე და ყოველთვის ძალიან რთული მოწინააღმდეგე იყო. მათთან ქულების აღების დაგეგმვა რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ბუნებრივია, ყველა თამაშის მოგება გვინდა, მაგრამ შანსები რეალურად უნდა შევაფასოთ. რაც შეეხება თურქეთს და ბულგარეთს, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გინდა, ამ გუნდებს აუცილებლად უნდა მოუგო. რეალური შეფასებით, ჩვენთვის, ხვალინდელი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. სტარტი ყველაზე მთავარია. ამ ორ თამაშში გამოჩნდება, როგორი რეალობაა. გვინდა, რომ ხვალინდელი თამაში მოვიგოთ. ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი თურქეთის დამარცხებაა. ამის გვჯერა. რეალობა დღეს ესაა. თამაშის შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება.

გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ გვიგულშემატკივრონ ისე, როგორც აქამდე გვგულშემატკივრობდნენ. ბოლო რამდენიმე წელია სამაგალითო გულშემატკივარი გვყავს, განსაკუთრებით, ქომაგები. ყოველთვის ხმაურიანი გამოსვლები აქვთ და ყოველთვის გვამხნევებენ. არაფერი იცვლება, აქამდე რასაც აკეთებდნენ, კვლავ ის უნდა გააკეთონ, გვერდში უნდა დაგვიდგნენ, გაგვამხნევონ და რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, გავიმარჯვოთ და გავახაროთ. ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან.

ვილი სანიოლი:

ფეხბურთელების უთამაშებლობა? ასეთი რამ ყოველთვის ხდება, თუმცა, ჩვენთვის გუშინდელი და გუშინწინდელი ვარჯიშები ძალიან ნაყოფიერი იყო და ხვალინდელი თამაშისთვის ეს ფაქტორი შემაფერხებელი არ იქნება. სექტემბერში ეს ყოველთვის პრობლემაა, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და კარგ ფორმაში იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩი? ყველა თამაშს თავისთვის დამახასიათებელი განწყობა და ისტორია აქვს. ეს ორი სხვადასხვა თამაშია. ის ევროპის ჩემპიონატი იყო, ეს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევია. ამიტომ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება.

კვარაცხელიას პატარა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ეს მნიშვნელოვანი აღარ არის. ხვალ მისგან ძალიან კარგ თამაშს მოველი.

ვის გადმოვიყვანდი თურქეთიდან? ჰამიტ ალტინტოპს, რადგან ჩემი კარგი მეგობარი იყო და არ ვიცი ახლა სად არის. მაგრამ მოკითხვას ვუთვლი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები