0:3-დან ქულის აღებამდე ცოტა დაგვაკლდა | საქართველო თურქეთთან 2:3 დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. „ჯვაროსნები“ „დინამო არენაზე“ თურქეთს დაუპირისპირდნენ და კვალიფიკაცია 2:3 წაგებული მატჩით დაიწყეს.
თურქებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მესამე წუთზე ქართველმა მცველებმა შეუთანხმებლად ითამაშეს, რასაც კუთხური მოჰყვა. არდა გიულერის ჩაწოდების შემდეგ მერთ მიულდურმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. საწყის წუთებში სტუმრებს უპირატესობა ჰქონდათ და მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა საბა გოგლიჩიძემ სახიფათო მდგომარეობას გადაგვარჩინა.
„ჯვაროსნების“ პირველი დარტყმა გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა, თუმცა „ქოჩოს“ გასროლა ძალიან არაზუსტი აღმოჩნდა. 41-ე წუთზე თურქების უპირატესობა ორბურთიანი გახდა. გიორგი მამარდაშვილის კარი კერემ აქთურქოღლუმ აიღო. საწყისი 45 წუთის მიწურულს ლუკა ლოჩოშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის სტარტზე აქთურქოღლუმ დუბლი გაიფორმა და მისი გოლი გურამ კაშიას შეცდომას მოჰყვა.
63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ჩამორჩენა შეამცია და 1:3 გახადა. 71-ე წუთზე თურქები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. მატჩის მთავარმა არბიტრმა, დავიდე მასამ ბარის ალპერ ილმაზს წითელი ბარათი უჩვენა.
84-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი მიეცა. ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ თურქეთის მეკარემ, უგურჯანმა ითამაშა და სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქართველმა ვერ დაამატა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე კვარაცხელიამ თავისი გოლი მაინც გაიტანა და ჩამორჩენა 1 ბურთამდე შეამცირა. ბოლო წამებზე დავითაშვილს შანსი ჰქონდა, მაგრამ ზურიკოს მეკარემ აუღო და 2:3 დავმარცხდით.