„კარგი მხოლოდ ისაა, რომ მეტი არ გავუშვით“ - სლოტი სიტისთან მარცხზე
„მანჩესტერ სიტისთან“ დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა განაცხადა, რომ გუნდი ახლა პსჟ-თან მატჩზე იფიქრებს, შემდეგ კი მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეეცდება. მისივე თქმით, „ლივერპულის“ მთავარ პრობლემად კვლავ მომენტების ცუდი რეალიზაცია რჩება.
რა თქვა სლოტმა:
„პირველ ტაიმში თამაში შედარებით თანაბარი იყო, ხოლო ორი გოლის გაშვებამ ჩვენს განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედა. მეორე ტაიმში მატჩის შემობრუნება გვინდოდა, თუმცა მალევე ჯერ მესამე, შემდეგ კი მეოთხე ბურთი გავუშვით - ამაზე რეაგირება ძალიან რთულია. კარგი მხოლოდ ისაა, რომ მეტი გოლი არ გავუშვით.
ფეხბურთელებს, რომლებიც წარსულში შესანიშნავად თამაშობდნენ, ახლა ძალიან კარგი შანსი ექნებათ, ეს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გააკეთონ. მოჰამედ სალაჰი? ერთ ფეხბურთელზე კონცენტრირება არ მსურს, გუნდზე ვისაუბრებ - სალაჰის პენალტი ჩვენს დღევანდელ გამოსვლას, და ზოგადად, მთელ სეზონს ასახავს.
თუ არ ვცდები, სალაჰმა ორი პენალტი გააცუდა, და კიდევ ერთი - სობოსლაიმ, ასე რომ, გამოუყენებელ მომენტებთან ერთად გაცუდებული პენალტებიც დაგვიგროვდა. პირველ ტაიმში სალაჰს კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც სწრაფი კონტრშეტევა ჩავატარეთ, თუმცა, სამწუხაროდ, გოლი არ გავიდა. ფეხბურთი ასეა მოწყობილი: თუ მოგება გსურს, გოლები უნდა გაიტანო.
წინ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია. მოუთელნად ველოდები ამ შესანიშნავ გუნდთან კიდევ ორ შეხვედრას. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ერთადერთი ამოცანა არაა - ასევე გვსურს, ამ ტურნირის საგზური მომდევნო სეზონისთვისაც მოვიპოვოთ. პრემიერლიგაში კიდევ დაგვრჩა თამაშები და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არაერთი იმედგაცრუება გვქონდა, ასეთ მომენტებში სიმტკიცის გამოჩენა და რეაგირებაა საჭირო“.
ცნობისთვის, ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ ჰოლანდის ჰეთ-თრიკითა და სემენიოს გოლით „ლივერპული“ გაანადგურა.
8 აპრილს გიორგი მამარდაშვილის გუნდი „პარკ დე პრენსზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ ესტუმრება.