MARCA: ბარსა 1:1 წესს უბრუნდება და ტრანსფერებს მარტივად განახორციელებს
ამ ზაფხულს „ბარსელონა“ ფინანსური პრობლემების დასასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. კატალონიური კლუბი ხარჯების ლიმიტს აღარ გადააჭარბებს და 1:1 ბალანსს (ფინანსური ფეარ პლეის წესი) დაუბრუნდება.
მედიასთან შეხვედრისას, ლა ლიგის კორპორატიულმა დირექტორმა, ხავიერ გომესმა ეს ინფორმაცია ბოლომდე არ დაადასტურა, თუმცა ამაზე მკაფიოდ მიანიშნა. MARCA-სთან საუბრისას, „ბარსამ“ ოპტიმიზმი გამოხატა, თუმცა მათ მოვლენების წინსწრება არ სურდათ.
ლა ლიგა რამდენიმე საკვანძო ფაქტორზე მიუთითებს, რომლებიც ხსნის, თუ რატომ არის „ბარსელონას“ სახელფასო ფონდი გუნდის ხარჯების ლიმიტზე (LCPD) დაბლა. პირველი არის VIP ლოჟების ვალიდაცია 70 მილიონ ევროზე ოდნავ მეტ თანხად. მეორე - „კამპ ნოუზე“ ახალი ტრიბუნის გახსნა, რაც მილიონობით შემოსავალს მოიტანს. და მესამე - ლევანდოვსკის წასვლა, რაც „ბარსელონას“ ძალიან მაღალი ხელფასის გადახდისგან და მნიშვნელოვანი ამორტიზაციისგან გაათავისუფლებს.
„ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უკვე შეგიძლიათ საკუთარი შეფასება გააკეთოთ...“
- განუცხადა ხავიერ გომესმა დამსწრე მედიას.
გომესმა ასევე ივარაუდა „ბარსელონას“ მიერ ახალი სპონსორების მოზიდვის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი შემოსავლის წყაროა დეფიციტის შესამცირებლად და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალების მისაცემად. მათ შეუძლიათ ამ სეზონში დამტკიცებული 1:1 ახალი წესითაც ისარგებლონ და სამწვრთნელო შტაბის კონტრაქტების გახანგრძლივება მომდევნო სეზონის ფინანსური ფეარ-პლეის რეგულაციებით „გადაავადონ“, თუმცა, როგორც ჩანს, ამის საჭიროება არ იქნება.
„ბარსელონა“ ასევე ელოდება 11 მილიონი ევროს მიღებას „მონაკოსგან“ ანსუ ფატის სანაცვლოდ. ეს არის ის თანხა, რასაც ესპანელი თავდამსხმელის გამოსყიდვის ოფცია ითვალისწინებს, რომელიც მონეგასკურ კლუბს აქვს.
ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ მანევრირების რა საშუალება ექნება „ბარსელონას“ სატრანსფერო ბაზარზე 1:1 პროპორციის აღდგენის შემდეგ. შესაძლოა ეს ჯერ ბევრი არ იყოს, მაგრამ, მაგალითად, ეს მათ საშუალებას მისცემს ანსუს სანაცვლოდ მიღებული 11 მილიონი ევრო სრულად გამოიყენონ ისე, რომ არ მოუწიოთ იმ ზომების მიღება, რომლებიც ხარჯების ლიმიტის გადამჭარბებელი კლუბებისთვისაა გათვალისწინებული.
„ბარსელონას“ ლა ლიგისგან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია, ისევე როგორც სხვა კლუბებს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა ნორმას დაუბრუნდება. ლიგის ინფორმაციით, პირველ და მეორე დივიზიონებში ხარჯების ლიმიტის გადამჭარბებელი 10 კლუბია. გომესს კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ მინიშნებები გააკეთა:
„სამი კლუბი, რომელიც ქვედა ლიგაში გავარდა. ისინი, ვინც ევროტურნირებზე, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და შემდეგ მონაწილეობას წყვეტენ. და ისინი, ვისაც ფეხბურთელების გაყიდვიდან მნიშვნელოვანი მოგების მიღების ისტორია აქვთ და რაღაც მიზეზების გამო ამ კატეგორიაში ჩამოქვეითდნენ.“
ბოლოს გეტყვით, რომ ფინანსური ფეარ პლეის ანუ 1:1 წესის დამფიქსირებელ კლუბს, თავისი წლიური შემოსავლების სატრანსფერო მიმართულებით სრულად განკარგვის უფლება ენიჭება. 2021 წლიდან ხავიერ ტებასმა (ლა ლიგის პრეზიდენტი) რეგულაციები შემოიღო, რაც ყველა კლუბის მეტ ნაკლებად თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითვალისწინებდა და გუნდებს შემოსავლების ინფრასტრუქტურასა და აკადემიებზე დახარჯვის ვალდებულებას აკისრებდა. საბოლოოდ, ამ სიახლემ ვერ გაამართლა და ლა ლიგის კლუბებს ევროსარბიელზე აშკარა დაღმასვლა აქვთ.