„ისლამს მადალენასთან არ გაუჭირდება“ - პიოტრ იანის პროგნოზი
რამდენიმე კვირის წინ, ჯერ ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ხოლო შემდეგ ხავიერ მენდესმა აღნიშნა, რომ ნოემბერში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო შეხვედრა ჯეკ დელა მადალენასთან ისლამ მახაჩევისთვის კარიერაში ყველაზე რთული იქნება, რის გამოც დაღესტნელს ისეთივე გამოკვეთილ ფავორიტად აღარავინ მიიჩნევს, როგორც მას წინა შეხვედრებში თვლიდნენ. მენდესი-ნურმაგომედოვის დუეტს აშკარად არ ეთანხმება UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი პიოტრ იანი, რომელმაც მახაჩევი-მადალენას ბრძოლაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ისლამს გაუჭირდება. არ დაგავიწყდეთ, ვსაუბრობთ შერეულ ორთაბრძოლებზე. კი ბატონო, ყველა ჩხუბი დგომში იწყება, მაგრამ მახაჩევს აქვს თავისი ტაქტიკა, რომლითაც კარგად იბრძვის, ბრძოლას აკონტროლებს და მოწინააღმდეგეს საოცარ წნეხში აქცევს. დარწმუნებული ვარ, ჯეკ დელა მადალენასთან დაპირისპირებაშიც ასე იქნება და ისლამი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონიც გახდება“.
შეგახსენებთ, რომ სანამ ქვესაშუალო წონაში ასვლას გადაწყვეტდა, ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რომელიც ოთხჯერ დაიცვა. მან ორჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ხოლო თითოჯერ დასტინ პორიესა და რენატო მოიკანოს აჯობა.