ჭიაბერაშვილის ბრინჯაო - მეორე მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე
ვახტანგ ჭიაბერაშვილი ევროპის რიგით მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიელი მეტოქე დაამარცხა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა.
ნახევარფინალამდე ჭიაბერაშვილმა ბერძენ, სლოვენიელ და ნიდერლანდელ მოწინააღმდეგეებს აჯობა, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ოპონენტთან დამარცხდა. გუშინ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთი ძიუდოისტი გამოდიოდა, თუმცა გიორგი ბაბუციძემ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი და დანიელი კონკურენტების ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალი სერბ სპორტსმენთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ფესტივალზე ორი ბრინჯაოს მედალია - ჭიაბერაშვილის მსგავსად, ბრინჯაოს მედალი საბა ბოლქვაძემ მოიპოვა.