ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

„ახლაც არ მჯერა“ | ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობა გაიხსენა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა ეთერ ლიპარტელიანთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა. ქართველმა ჯუდოკამ ისტორიულ წარმატებაზე ისაუბრა და ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა, რომელიც მისი ტრიუმფით დასრულდა.

„პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გავხდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ და არ მჯერა, რომ ეს შევძელი. მსოფლიო ჩემპიონატის დღე ძალიან კარგად დაიწყო და უაღრესად მოტივირებული ვიყავი, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი. დილით, როცა ტატამიზე შევედი, გააანალიზე, რომ ეს დღე ჩემი იყო და მე მეკუთვნოდა.

ნახევარფინალი ჩემი საყვარელი ტექნიკით მოვიგე. არ მჯეროდა, რომ ფინალში გავედი, მაგრამ მინდოდა, ბოლომდე მობილიზებული ვყოფილიყავი და მეორე ადგილს არ დავჯერებულიყავი. ფინალში გადასასვლელ მატჩს ერთი ქულით ვაგებდი, მაგრამ არც კი მიფიქრია, რომ დავმარცხდებოდი და ვინმეს ფინალს დავუთმობდი.

ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო, როდესაც ქართველი გულშემატკივრები საქართველოს დროშას აფრიალებდნენ და მქომაგობდნენ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის ყოველთვის გვერდით მიდგას და ეს წარმატება მისი დამსახურებაცაა. დილიდანვე ჩემ გვერდით იყო. გახურებაში დამეხმარა და განმაწყო, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი. ცოტას ნერვიულობდა, მაგრამ არ იმჩნევდა და ბოლომდე სჯეროდა. ვიდეოც ჩაწერა, რომ მოთელვა დავასრულეთ და დღის ბოლოს ოქროს მედლით დაგვაჯილდოებდნენ.

მოვახერხე და პირველი ქართველი ქალი გავხდი, რომელმაც გრანდ სლემი, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ვფიქრობ, ჩემს შედეგებზე დაყრდნობით, მომავალში დიდ წარმატებას მივაღწევთ და არაერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გვეყოლება. რა თქმა უნდა, მინდა, მსოფლიო ჩემპიონობა გავიმეორო და ოქროს მედალს ბევრჯერ დავეუფლო. მინდა, ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შევხვდე და ნანატრი მედალი მოვიპოვო.“

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა. ფინალამდე ლიპარტელიანმა დამაჯერებელი და უმაღლესი ხარისხის ძიუდო აჩვენა - პლანეტის პირველობა მან მეთექვსმეტედფინალში კორეელი იუში კიმის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შესაბამისად, რუსი დარია ყურბონმამადოვას, ფინელი პიჰლა სალონენისა და თურქმენი მაისა პარდაიევას იპონით დამარცხება მოჰყვა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს
„პირველ რაუნდში დავაფინიშებ“ | ცარუკიანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს