საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მარტივი მატჩი არ იქნება, ფავორიტი არ არსებობს“ - ფინეთის კაპიტანი საქართველოზე

ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთის საკალათბურთო ნაკრები იქნება.

მას შემდეგ, რაც წყვილის ვინაობა გაირკვა, ფინეთის ნაკრებში ჩვენი გუნდის შესახებ ისაუბრეს. მეტოქე გუნდის კაპიტანმა, სასუ სალინმა ქართველი კალათბურთელების შესახებ ისაუბრა და მათი ძლიერი მხარეები განიხილა.

რას ამბობს სალინი:

„საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დიდი ხანია ერთად თამაშობს, კამარ ბოლდუინი კი მათთვის შესანიშნავი დამატებაა. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. წინ მარტივი მატჩი არ გველის.“

„ეს მატჩი, გარკვეულწილად, სხვადასხვა სათამაშო სტილის ბრძოლაც იქნება. საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, შედარებით ნელი, ჩვენ კი, პირიქით, ბურთის სწრაფად გათამაშებას ვცდილობთ და ბევრს დავრბივართ. ისევ ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ, საკუთარ თავებსა და ერთმანეთს ვენდოთ და კარგად ვისროლოთ.“

„ფავორიტები არ ვართ. პროგნოზები პროგნოზებად რჩება, მოედანზე კი თამაში იმართება. ჩვენ სერბეთთან ვაჩვენეთ, რომ ფავორიტების დამარცხება შეიძლება, საქართველომ კი ეს ესპანეთთან და საფრანგეთთან დაამტკიცა.“

„ამ ეტაპზე ყველაზე გონივრულია, რომ ეს მატჩები დავივიწყოთ და ყურადღება საქართველოსთან თამაშზე გავამახვილოთ. ვიცით მეტოქის ძლიერი მხარეები, ვიცით ჩვენიც და ვეცდებით, ისეთი თამაში ვაჩვენოთ, რომელიც ჩვენს ძლიერ მხარეებს კიდევ უფრო გამოკვეთს.“

„გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ. თუ შეხედავთ, ჰელსინკიდან რიგამდე ფრენას 1 საათი უნდა, ტალინიდან კი მანქანით 5 საათის გზაა. სერბეთთან თამაშზე დარბაზში ბევრი ფინელი იყო და ატმოსფეროც კარგი იყო. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ოთხშაბათს „რიგა არენას“ ჩვენს მოედნად ვაქცევთ.“

შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრებმა მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, სერბეთის ნაკრები, 92:86 დაამარცხა, საქართველომ კი საფრანგეთს 80:70 მოუგო. საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების 1/4-ფინალური დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მწარე გამოცდილება გვაქვს, შურისძიებას ვეცდებით“ - ფინეთში საქართველოზე ისაუბრეს
„მწარე გამოცდილება გვაქვს, შურისძიებას ვეცდებით“ - ფინეთში საქართველოზე ისაუბრეს