„კვარაცხელიამ შოუ დადგა“ | როგორ გამოეხმაურა AS საქართველოს გამარჯვებას
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ჯვაროსნებმა“ ბულგარეთი 3:0 დაამარცხეს. ბულგარეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში თურქეთი და ესპანეთი არიან და ესპანურ პრესაში ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვება უყურადღებოდ არ დარჩენილა.
„კვარაცხელიამ თბილისში შოუ დადგა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა და საქართველოს კაპიტანმა პირველი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ულიდერა. მის გარდა, გაგნიძემ და მიქაუტაძემაც გამოიჩინეს თავი.
ბულგარეთის იმედმა მხოლოდ ოთხ წუთს გასტანა. სტუმრებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მამარდაშვილს ორჯერ მოუწია თამაშში ჩართვა, თუმცა შემდეგ უკვე დასვენების საშუალებაც მიეცა. ბულგარეთის აქტიურობის შემდეგ საქართველომ ბურთი დაისაკუთრა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ორივე გუნდი ერთ კარში ცდილობდა გოლის გატანას. ბულგარელთა შეცდომებისა და არაზუსტი გადაცემების წყალობით, მასპინძლები ბურთს სწრაფად იბრუნებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეცდომის შედეგად სწორედ კვარაცხელიამ გახსნა ანგარიში, ხოლო შესვენებამდე საქართველომ მეორე გოლიც გაიტანა.
მეორე ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და ბულგარეთმა ის მცირე მომენტუმიც დაკარგა, რაც ჰქონდა. სტუმრები ცდილობდნენ, მაგრამ მამარდაშვილს სერიოზული საფრთხე ვერ შეუქმნეს. საქართველო თამაშს აკონტროლებდა და მიქაუტაძემ საბოლოო წერტილი დასვა — 3:0.
ორი ტურის შემდეგ „ჯვაროსნებს“ სამი ქულა აქვთ და თუ თურქეთსა და ესპანეთს ფეხი დაუცდებათ, საქართველომ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მოულოდნელი კანდიდატის როლი შეითავსოს. რაც შეეხება ბულგარეთს, რადიკალური ცვლილებების გარეშე ისინი ბოლო ადგილზე აღმოჩნდებიან,“ — წერს AS.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.