რამაზ სვანაძე, დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

სწორად განვითარებით ძალიან კვალიფიციურ საყრდენს მივიღებთ | სვანაძე ლორთქიფანიძეზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩისწინა დღეს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში'' პრესკონფერენცია გამართა.

21-წლამდე ნაკრები მთავარ მწვრთნელს დაჩი ლორთქიფანიძის შესახებ ვკითხე, რომელმაც სერია A-ს „კრემონეზესთან'' ერთად გასულ ზაფხულში სრულფასოვანი შეკრება გაიარა, ამხანაგურ მატჩებში რეგულარულად მონაწილეობდა და მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ გუნდიდან არ გაუშვა. კითხვისას ვთქვი, რომ დავიდე ნიკოლას ქართველი მოსწონს და რამაზმა საუბარი ასე დაიწყო: „დაჩი ჩვენც მოგვწონს, ამიტომაც იმყოფება ჩვენს შეკრებაზე. სამომავლოდ მის მიმართ ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, სწორად განვითარების შემთხვევაში მისი სახით ძალიან კვალიფიციურ საყრდენ ნახევარმცველს მივიღებთ. არამარტო ჩვენ, არამედ მთლიანად ქვეყანა, თუმცა იგივე უნდა გავიმეორო, რაც დიეგო დეისაძის შესახებ ვთქვი. დაჩისაც იგივე პრობლემა აქვს, ეს არის სათამაშო რიტმი.

ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა ის, რომ ფეხბურთელები ევროპაში გვყავს, მაგრამ სათამაშო დრო არ აქვთ. თუ მომავალში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუმკლავდე. ჩვენ საქმე მაღალ ინტენსივობასთან გვექნება.

თუ ჩვენ გვსურს გასული წლების შედეგი ვაჩვენოთ, ეს არის უპირველესად მაღალი ინტენსივობის თამაშები, სათამაშო რიტმის შეგრძნება და სრული მზადყოფნა. ეს იქნება მენტალური, ფსიქოლოგიური, ტაქტიკური თუ ტექნიკური კუთხით. ეს ყელაფერი სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ მოდის. უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მაქსიმალურად მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ''.

 

იტალიის ჩემპიონატის საწყის ორ ტურში „კრემონეზემ'' 6 ქულა მოიპოვა, ჯერ გასვლაზე „მილანი'' დაამარცხა (1:2), შემდეგ კი შინ „სასუოლოს'' მოუგო (3:2). დავიდე ნიკოლამ 20 წლის ქართველი საყრდენი ორივე მატჩის განაცხადში შეიყვანა. ვიმედოვნოთ, რომ იტალიელი სპეციალისტი უახლოეს პერიოდში ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დროს მისცემს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიეგო დეისაძის შესახებაც ვკითხე (იხილეთ).

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, ინტერესი დიდია“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
„ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, ინტერესი დიდია“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია