2 საგოლე პასი | შათირიშვილის დებიუტი ვიქტორია კიოლნის პირველ გუნდში
გერმანიის რანგით მესამე ლიგის „ვიქტორია კიოლნი’’ ახალი სეზონისთვის ემზადება. მთავარ გუნდში 17 წლის ქართველი ფეხბურთელის, ნიკა შათირიშვილის დებიუტი შედგა. სამოყვარულო ლიგის „ლინცთან’’ მოგებულ მატჩში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 2 საგოლე პასი შეასრულა, მისმა გუნდმა თამაში 5:0 მოიგო.
„ვიქტორია კიოლნის’’ მთავარი გუნდი გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, მე-6 ადგილზე გავიდა. ნიკას ეტაპობრივად პირველ გუნდში ვარჯიშსა და თამაშს აჩვევენ, გერმანიის მესამე ლიგაში საკმაოდ მაღალი დონეა, კარგად თამაშის შემთხვევაში ბევრი ფეხბურთელი ბუნდესლიგა 2-ში გადასვლას ახერხებს. ასე რომ, თუ ახალ სეზონში პირველ გუნდში სათამაშო დროს მიიღებს, 17 წლის ქართველი შემტევი კარგ გამოცდილებას შეიძენს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, გასულ სეზონში ნიკამ „ვიქტორია კიოლნის’’ 17-წლამდე გუნდში 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. „ვიქტორია კიოლნში’’ გადასვლამდე ამავე ქალაქის კიდევ ერთი კლუბის, „კიოლნის’’ აკადემიის მოთამაშე იყო.
ნიკა საქართველოს მოქალაქეა, 2024 წელს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ხიზანიშვილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში მიიწვია და UEFA-ს განვითარების თასზე სამივე მატჩში ათამაშა, ანდორასთან და მალტასთან სასტარტოში იყო, ლიხტენშტაინთან ცვლილებაზე გამოვიდა.