„ეს ტურნირი რომ დაგეგმეს, ფეხბურთელების აზრი არ აინტერესებდათ“ - რაფინიამ საკლუბო ჩემპიონატი გააკრიტიკა
ბევრი ფეხბურთელისთვის 2024-2025 წლების სეზონი არც დასრულებულა, რადგან ისინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობენ. თუმცა, არსებობენ ისეთები, რომლებიც ლამის ერთთვიანი არდადეგების შემდეგ, შვებულებას სულ მალე დაასრულებენ და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებიან. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება რაფინია - ბრაზილიელისთვის გასული წელი კარიერაში საუკეთესო იყო და ერთ-ერთ სპორტულ მედიასთან ინტერვიუში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საუბრის გარდა, ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერზეც გაამახვილა ყურადღება.
რას ამბობს რაფინია
როგორც ევროპული კლუბის ფეხბურთელი ვამბობ, რომ ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ყველა შვებულებაში უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ამის უფლება და დასვენებაზე უარის თქმას ვერავინ გვაიძულებს. როგორც მინიმუმ სამი კვირა, მაქსიმუმ კი ერთი თვე ფეხბურთელისთვის ძალების აღდგენა აუცილებელია.
მე ვიცნობ ბევრ მოთამაშეს, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობს და ამის გაკეთება სულაც არ სურდა. არავინ ჰკითხა ფეხბურთელებს ამ ტურნირის დაგეგმვის დროს, რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი ჩატარების ვადები.
მაგალითისთვის გეტყვით - ჩემი თანამამემულეები პსჟ-იდან, მარკინიოსი და ლუკას ბერალდო ახლა შვებულებაში უნდა იყვნენ, მითუმეტეს მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, მაგრამ ტიტულის მოპოვების აღნიშვნა ვერ მოასწრეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება მოუწიათ.
რაც შეეხება ნიკო უილიამსის ტრანსფერს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო მოვიწყენ, ან შემეშინდება, ძალიან ცდება. კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩავატარე, მორალურად და ფიზიკურად საუკეთესო კონდიციაში ვარ და „ბარსელონაში“ ძლიერი ფეხბურთელის მისვლას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.
შეგახსენებთ, რომ რაფინია გასულ წელს „ბარსელონას“ რიგებში უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ლა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.