ტასოევი: „MMA-ში წასვლა მსურს, მაგრამ ამით ძიუდოს დავაზარალებ“
ბოლო პერიოდში მიღებულ პრაქტიკად იქცა ის ფაქტი, რომ ძიუდოისტები და მოჭიდავეები კარიერის ბოლოს ძალებს შერეულ ორთაბრძოლებში ცდიან და ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლებს ყველა წარმატებულ სპორტსმენთან უჩნდებათ შეკითხვები, აპირებენ თუ არა ისინიც იგივეს გაკეთებას. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს ინალ ტასოევის გეგმები, რომელიც მძიმე წონაში გურამ თუშიშვილის უპირველესი კონკურენტია და რუსმა ძიუდოისტმა საკუთარ მომავალზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან სავარაუდოდ 21 ათას ევროს მივიღებ, მაგრამ აქ თანხები ისევე დაზუსტებული არ არის, როგორც ფეხბურთში. „ზენიტის“ და „კრასნოდარის“ ფეხბურთელები სამ გატანილ გოლში 20 მილიონ რუბლზე მეტს იღებენ, ჩვენთვის კი ასეთ ფულზე ფიქრიც კი ზედმეტია.
ჩემს ასაკში სუპერძიუდოისტი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი უნდა იყო, მილიონი დოლარი რომ გქონდეს გამომუშავებული. სიმართლე გითხრათ MMA-ში ძალების მოსინჯვა ჩემი ოცნება იყო, რომელიც არასოდეს შესრულდება. სულ მინდოდა ოქტაგონში ჩხუბი და არა ქუჩაში, მაგრამ აღებული კურსის შეცვლა არ მსურს. ახალგაზრდები მიყურებენ, რომლებიც უნდა დავარწმუნო, რომ ძიუდო საუკეთესო არჩევანია, შერეულ ორთაბრძოლებში წასვლით კი ჩვენ სპორტის სახეობას დავაზარალებ“.
ცნობისათვის, ინალ ტასოევი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს რამდენიმე კვირის წინ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ პლანეტის პირველობაზე გახდა, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი დაამარცხა.