ტასოევი: დიდი ხანია არავის დავუგდივარ, გურამს დიდ პატივს ვცემ
+100 კგ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა ოსმა ინალ ტასოევმა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს, ფინალში გურამ თუშიშვილთან გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
ტასოევმა თუშიშვილის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„არ დავმალავ, უკვე დიდი ხანია ძირს არავის დავუგდივარ. ამიტომ, პირველი წუთებში ცოტა ავღელდი, დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი, თუ რამდენ ქულად შეფასდებოდა ჩემი დაცემა. ამის შემდეგ, თავი ხელში ავიყვანე და ბრძოლა პანიკის გარეშე გავაგრძელე.
საბოლოოდ საკუთარი ჭიდაობა ვაჩვენე და მიზანსაც მივაღწიე. მინდა აღვნიშნო, რომ გურამს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასევე მის მწვრთნელს. მიუხედავად იმისა რომ მეტოქეები ვართ, თან პრინციპული“.
- განაცხადა ტასოევმა sovsport-თან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ თუშიშვილისთვის ტასოევი საკმაოდ უხერხული მეტოქეა. მას კარიერის განმავლობაში ჯამში 6-ჯერ შეხვდა, 5-ჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთხელ 2019 წელს მინსკში დაამარცხა.
ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი, ვერცხლი - ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი, ბრინჯაო - ლუკა მაისურაძე.