სრული სიცრუეა | წიტაიშვილმა ცსკა-სთან მოლაპარაკება უარყო
ბულგარულმა Sportal.bg-მ გიორგი წიტაიშვილის სოფიის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე დაწერა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა კლუბს აცნობა, რომ მათ საბოლოო პასუხს ათ დღეში ეტყვის.
წიტაიშვილმა Instagram-ში დაწერა, რომ ბულგარულ კლუბთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „არც მე და არც ჩემს აგენტს ამ კლუბთან რაიმე მოლაპარაკება ან კონტაქტი არასდროს გვქონია. ინფორმაცია სრული სიცრუეა.“
24 წლის მარჯვენა გარემარბი, რომელიც კიევის „დინამოს“ საკუთრებაა 2026 წლის 30 ივნისამდე, გასულ სეზონში „გრანადაში“ ლა ლიგა 2-ის 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ესპანეთის თასზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თუ სანაკრებო მატჩებსაც ჩავთვლით, 2024/25 წლების სეზონში 40-ზე მეტ მატჩში ითამაშა.
ლა ლიგა 2-ის 42 მატჩიდან 6 შეხვედრა გამოტოვა, თუმცა მიზეზი ტრავმა არ ყოფილა, რაც მის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს. 6-დან 5 მატჩი სანაკრებო შეხვედრების გამო გამოტოვა, ერთ შეხვედრაში კი დისკვალიფიცირებული იყო, ყვითელი ბარათები დაუგროვდა.