ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი გავარდება | Opta-ს პროგნოზი ბუნდესლიგის ახალ სეზონზე
ბუნდესლიგის ახალი სეზონი 22 აგვისტოს, „ბაიერნისა“ და „ლაიფციგის“ მატჩით გაიხსნება, რომელიც თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება. მანამდე, Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა და გავარდნის მთავარი კანდიდატები დაასახელა.
ცნობილი სტატისტიკური პორტალის მიხედვით, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ყველაზე მეტად „კიოლნს“ გაუჭირდება. მისი გავარდნის ალბათობა 31.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ – 29.5 პროცენტი, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ კი მესამეა - 29.1 პროცენტი.
„ჰაიდენჰაიმისა“ და „ჰამბურგის“ მეთექვსმეტე ადგილზე გასვლის ალბათობა, რაც პლეიაუტში თამაშის საშუალებას იძლევა, 13.8 და 13.4 პროცენტია. რაც შეეხება ჩემპიონს, ყველაზე კარგი შანსი „ბაიერნს“ აქვს - 52.9 პროცენტი. „რეკორდმაისტერს“ „ლევერკუზენი“ მოსდევს (16.9 პროცენტი), მესამე ადგილს კი „დორტმუნდი“ იკავებს - 15.8 პროცენტი.
ცნობისთვის, ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ჰამბურგი“ „გლადბახს“ შეხვდება. „ჰაიდენჰაიმი“ 23 აგვისტოს ითამაშებს, „ჰამბურგი“ – 24-ში.