„მომდევნო სეზონში ბევრ ტრავმებს ელოდეთ“ - კლოპი ფიფას საქციელით აღშფოთებულია
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარების წინააღმდეგი თავიდანვე ბევრი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თუმცა ახლა, როდესაც ყველა მათგანი ფაქტის წინაშე დადგა და მოთამაშეები მომქანცველი სეზონის შემდეგ კუთვნილ შვებულებაში გასვლის ნაცვლად, კიდევ ერთ მასშტაბურ შეჯიბრებაში მონაწილეობენ, უკმაყოფილობის ტალღა კიდევ უფრო იზრდება. მსოფლიოს საკლუბო პირველობის მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვს იურგენ კლოპსაც, რის შესახებაც გერმანელმა სპეციალისტმა Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.
იურგენ კლოპი
ეს ყველაზე ცუდი იდეაა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ვინმეს როდესმე თავში მოსვლია. მათიც კარგად მესმის, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ მონაწილეობისთვისაც გიჟური საპრიზო ფონდია გამოყოფილი, მაგრამ ამით არა მგონია ყველა კლუბი მოხიბლული იყოს.
გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა იყო, წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, ერთი წლის შემდეგ კი მუნდიალი. ეს იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ფეხბურთელები ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად აღდგენას ვერ მოასწრებენ.
რა თქმა უნდა, ყველა ბევრ ფულს შოულობს, მაგრამ ერთი წუთით დავფიქრდეთ - NBA-ს მოთამაშეებიც კოლოსალურ თანხებს იღებენ, თუმცა ისინი თორმეტიდან ოთხ თვეს ისვენებენ. მაგალითად ვირჯილ ვან დაიკს ოთხი თვე მგონი მთელი კარიერის მანძილზე არ დაუსვენია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კარგია, მაგრამ ეს ტურნირი ფეხბურთელების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ტარდებოდეს.
ვშიშობ, რომ მომდევნო სეზონში ფეხბურთელების ტრავმების უპრეცედენტოდ მაღალ რაოდენობას ექნება ადგილი. თუ მომდევნო სეზონში არა, მუნდიალის მსვლელობისას, ან მის შემდეგ მაინც.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ იურგენ კლოპი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში აღარ გვევლინება და ამჟამად კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია, სადაც მისი ყოველწლიური ხელფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.