12 მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების წარმატება
ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გამართული მსოფლიოს თასის პრესტიჟული ტურნირი საქართველოს უსინათლო პარაძალოსანთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა პარასპორტსმენებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს, შეჯიბრება 12 მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.
ქართველებისთვის განსაკუთრებით შედეგიანი +125 კილოგრამი წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც მირიან ოგნაძემ წოლჭიმში, სამჭიდის ჯამსა და ჩაჯდომში სამი ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი მაისურაძე წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ოგნაძის მსგავსად კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ზაზა მარტიაშვილი (125 კგ), თუმცა მან საუკეთესო შედეგი არა სამ, არამედ ორ დისციპლინაში, წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში აჩვენა. ორი მედლით დაასრულეს ასპარეზობა თეონა ბექაურმა (67,5 კგ) და გიორგი გიგაურმა (57 კგ). პირველი მათგანი წოლჭიმში მესამე, ხოლო სამჭიდის ჯამში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გიგაური როგორც წოლჭიმში, ასევე სამჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ერთი მედლით გამოსვლა მსოფლიოს თასზე ორმა ქართველმა პარაძალოსანმა დაასრულა - გიორგი ბასილაშვილმა (75 კგ) სამჭიდის ჯამში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ლევან მელანიშვილი (82,5 კგ) კი ასევე სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.