„ნიჭი მთავარი არ არის, მთავარია ფიცარნაგზე რას გააკეთებთ“ - ტალახაძის რჩევა ახალგაზრდებს
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ. ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კი, უკვე რამდენიმე თვეა ფიცარნაგიდან ფუნქციონერის ამპლუაში გადაინაცვლა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ბუნებრივია ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტმა მსოფლიო სპორტის ლეგენდის ესპანეთში ყოფნით ისარგებლა და ლაშასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
ლაშა ტალახაძე
როდესაც თანამემამულეების ასპარეზობას თვალს ვადევნებ, მახსენდება ის დრო, როცა ფიცარნაგზე თავადაც ვიცავდი ჩემი ქვეყნის ღირსებას. ძალიან ბევრ ემოციას ვგრძნობ, მახსენდება ნერვიულობა, მღელვარება და სიამაყე, როდესაც შენი ქვეყნის დროშას პირველად ააფრიალებ. მახსენდება ეს ყველაფერი როგორ დიდ განცდას იწვევდა. ჩემი პირველი საერთაშორისო შეჯიბრებაც სწორედ ესპანეთში იყო — ვალენსიაში. გავიმარჯვე და ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ძალოსნობაში მინდოდა ყოფნა. ამ ახალგაზრდა ძალოსნებისთვის ეს არის რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი. ამის ახლოდან ყურება მახსენებს, რატომ შემიყვარდა ეს სპორტი წლების წინ.
ამ ბავშვებში ვხედავ ისეთივე ნაპერწკალს, რაც მეც მქონდა. ასევე ვხედავ მომავალს ამ სპორტში - უფრო ძლიერს, სწრაფს და დისციპლინირებულს. ეს იმედს მაძლევს და გულწრფელად ვუსურვებ მათ წარმატებებით სავსე გზას. დარჩნენ ძლიერები, კონცენტრირებულნი და ისიამოვნონ ამ მოგზაურობის ყოველი მომენტით.
ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მომთმენები. ნიჭი მხოლოდ დასაწყისია, მთავარი ის არის, რასაც აკეთებთ მაშინ, როდესაც არავინ გიყურებთ. ენდეთ თქვენს მწვრთნელებს, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და არასდროს შეწყვიტოთ თქვენი ოცნების რწმენა. არასოდეს შეჩერდეთ მიღწეულზე. კარიერა სწრაფად გადის. ახლა უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ უკან სინანულით არ მოიხედოთ. სიამაყით უნდა თქვათ, რომ ფიცარნაგზე თქვენი მაქსიმუმი დადეთ.
მოტივაციის შენარჩუნება მუდამ რთულია - ჩემს თავს ყოველთვის ვახსენებდი ეს რატომ დავიწყე. მყავდა ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი. რთული დღეები, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ეს გზის ნაწილია. მოტივაცია მოდის და მიდის, დისციპლინა კი გეხმარება გზის გაგრძელებაში. როცა შეჯიბრებას გამარჯვებით ვამთავრებ, ვხვდები, რომ გაღებული მსხვერპლი, ტკივილი და ბრძოლა ამად ღირდა. ტრავმა ძალოსნობაში უჩვეულო არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდე. პირიქით, ის უნდა დაგეხმაროს ხასიათის ფორმირებაში, სულიერი ზრდა გასწავლის რამდენად ძლიერ გინდა გამარჯვება. ყოველი ბარიერი ზრდის შანსია.
ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს ბათუმში გაიმართება. ეს იქნება ჩემი პირველი დიდი ღონისძიება, რაც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. ვამზადებთ დაუვიწყარ ჩემპიონატს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მაყურებლებისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს ასპარეზი ჯერ ჭაბუკებისთვის არ არის, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს მათგან ბევრი დადგება დიდების ფიცარნაგზე. წარმატებებს ვუსურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ცეცხლი თვალებში ბოლომდე შეუნარჩუნდებათ. სიამოვნებით ვადევნებ თვალს მათ მომავალს და მჯერა, რომ დიდ გამარჯვებებს ვიხილავთ.