კილაძე ევროპის ჩემპიონია - ძალოსნების ანგარიშზე 14 მედალია
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დავით კილაძემ, რომელიც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამიდან ორ დისციპლინაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
კილაძემ ატაცში 108 კილოგრამის დამორჩილებით მეორე შედეგი აჩვენა, ხოლო აკვრასა (132 კგ) და ორჭიდის ჯამში (240 კგ) პირველობა არავის დაუთმო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ძალოსანმა თავისივე დამყარებული საქართველოს რეკორდი ატაცსა და აკვრაში - 4, ხოლო ორჭიდის ჯამში 8 კილოგრამით გააუმჯობესა.
ცნობისათვის, დღეს საღამოს ფიცარნაგზე საქართველოს სახელით სალომე კუჭავა (53 კგ) და მარიამ ჩხენკელი (69 კგ) გავლენ. ამ დროისათვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 14 მედალია.