25 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ძალოსნების ტრიუმფი ესპანეთში
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართული ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა მედლების რაოდენობით საუკეთესო შედეგი აჩვენა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. მთლიანობაში კი როგორც 15-წლამდე, ასევე 17-წლამდე გუნდებმა კონტინენტის პირველობა 5 ოქროს, 9 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საუკეთესო შედეგი დავით კილაძემ აჩვენა, რომელმაც აკვრასა და ორჭიდის ჯამში - პირველი, ატაცის დისციპლინაში კი მეორე ადგილი დაიკავა. თითო დისციპლინაში მოიგეს ოქროს მედალი ავთანდილ ჩანდიშვილმა, გიორგი ქინქლაძემ და ჯაბა ტყეშელაშვილმა - ჩანდიშვილი და ტყეშელაშვილი პირველ პოზიციაზე აკვრაში გავიდნენ, ხოლო ქინქლაძე - ატაცში.
ოქროს მედლის გარეშე, თუმცა პრიზიორების რანგში ასპარეზობა საქართველოს ხუთმა წარმომადგენელმა დაამთავრა. ნიკოლოზ ჯალაღონია აკვრაში ვერცხლის მედალოსანი გახდა, ხოლო დანარჩენ ორ დისციპლინაში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. აკვრაში ასევე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა საბა კუჭავა, ხოლო ორჭიდში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
შოთა კაკაბაძემ და ოთარ ბზიკაძემ სამივე დისციპლინაში მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო ჯუმბერ ბეკოშვილმა ორი ბრინჯაოს მედალი აკვრასა და ორჭიდის ჯამში გაინაღდა.