„თრეშ თოქში საქართველოსა და დაღესტნის ჩარევა მიუღებელია“ - დოლიძე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ბრძოლების წინა „თრეშ თოქში“ მებრძოლების ეროვნებაზე ყურადღების გამახვილება დაგმო.
„ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ბავშვურად და უაზროდ გამოიყურება, როდესაც სპორტსმენები ეროვნებაზე იწყებენ ლაპარაკს. მე არასოდეს განვსჯი ადამიანის მისი აღმსარებლობისა თუ ეროვნების მიხედვით - მე ასე გავიზარდე. ადამიანი მისი ქცევის მიხედვით უნდა შეაფასო.
UFC-ში ხშირად ხდება, რომ ბრძოლისადმი ინტერესის გასაზრდელად მებრძოლები ასეთ თემებს იყენებენ. მანიპულირებენ ამ თემებით, რათა ბრძოლა უფრო კარგად გაიყიდოს. სწორედ ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც ცდილობს, ამ საკითხებში საქართველო და დაღესტანი ჩარიოს“.
ცნობისთვის, დოლიძეს UFC-ში ზედიზედ 3 მოგება აქვს - ენტონი სმიტთან, კევინ ჰოლანდთან და მარვინ ვეტორისთან. მანამდე „კავკასიელი“ საფრანგეთის წარმომადგენელ ნასურდინ იმავოვთან წააგო.
„კავკასიელმა“ ვეტორის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა უკვე ივნისში იჩხუბოს, სასურველ მეტოქედ კი რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ნებისმიერი მებრძოლი დაასახელა, გარდა შონ სტრიკლენდისა, რომელთანაც დოლიძე ერთ დარბაზში ვარჯიშობს.
ამჟამად დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძე მომდევნო ჩხუბს აგვისტოში გამართავს და მისი მეტოქე რეიტინგის მე-9 ნომერი ენტონი ერნანდესი იქნება.