რეკორდები და ევროპის ჩემპიონები - ქართველი სთრონგმენების წარმატება
სპორტის სახეობა სთრონგმენში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა. ჩვენი ქვეყნის უძლიერეს მამაკაცთა გუნდის წევრებმა გერმანიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს.
საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ სამხარაძემ (80 კგ) და ჭაბუკა ჭიღლაძემ (+120 კგ) აჩვენეს, რომლებიც ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედლების მოპოვების პარალელურად, სამხარაძემ მსოფლიოს რეკორდი მოძრაობა „ზერხილში“, ხოლო ჭიღლაძემ მოძრაობა „ბრევნოში“ დაამყარა.
„ზერხილში“ მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნიკა ლეკაიძე (+120 კგ), რომელიც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ვერცხლის მედლები ასევე მოიპოვეს თორნიკე ხუციშვილმა (90 კგ) და ვალიკო ფიფიამ (105 კგ), ხოლო შოთა გოგობერიშვილი (120 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.