სუპერფინალის ტოპ-ხუთეულში - მარია ალავიძის მორიგი წარმატება
მარია ალავიძემ მხატვრულ ცურვაში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. ჩინეთში გამართულ მსოფლიოს თასის სუპერფინალის შეჯიბრებაში ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ტოპ-ხუთეულში შევიდა, რაც ბუნებრივია საოცარი მაჩვენებელია. ალავიძემ თავისუფალ სოლო პროგრამაში ჯამში 209,7865 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ტექნიკურ სოლო და თავისუფალ სოლო პროგრამის ჯამში მსოფლიოს რეიტინგში მესამე პოზიცია დაიკავა.
ინდივიდუალური გამოსვლების პარალელურად, ტურნირი გაიმართა წყვილთა შორის - ტექნიკურ დუეტში ნიტა ნათობაძემ ანკა ყიფიანთან ერთად მეათე ადგილი დაიკავა, ხოლო მარია ალავიძესთან წყვილში ნათობაძე მეშვიდე პოზიციაზე გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი დონის შეჯიბრებაში მსგავს ასაკში ქართველ სპორტსმენებს ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
ცნობისათვის, მარია ალავიძემ რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს თასზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიგო და გახდა ისტორიაში პირველი ქართველი, რომელმაც მხატვრულ ცურვაში ჩვენს ქვეყანას მედალი მოუტანა.