„სათანადო შეთავაზების შემთხვევაში გაყიდიან“ | რას წერენ ბრიტანეთში ჩაკვეტაძეზე
„უოტფორდმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომ ქლევერლი გაათავისუფლა, რის შემდეგაც, ბრიტანულ პრესაში, გიორგი ჩაკვეტაძის მომავალზე აქტიურად იწერება. „ნისლიან ალბიონზე“ აცხადებენ, რომ „ჩაკვეს“ წასვლის ან დარჩენის საკითხი „კრაზანების“ ახალ დამრიგებელზეა დამოკიდებული.
ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით, Sky Sports-ის წამყვანმა, დევიდ პრუტონმა ისაუბრა და განაცხადა: „ვულვზი და ლესტერი ჩაკვეტაძით კვლავინდებურად ინტერესდებიან. თუ უოტფორდმა ფინანსურად სათანადო წინადადება მიიღო, ფეხბურთელს გაუშვებენ.
ყველანი კარგად ვხედავთ, უოტფორდი მწვრთნელებსა და მოთამაშეებს რა სიხშირით იცვლის. სწორედ ამიტომ, თუ სათანადო თანხა შესთავაზეს, ფეხბურთელს წასვლა ენდომება და შესაფერისი პირობები შეიქმნება, არ გამიკვირდება, ჩაკვეტაძე გაუშვან“.
საინტერესოა, რომ ქლევერლის გაშვებას BBC-ის ჟურნალისტი, ჯეფ დოილიც გამოეხმაურა. მან BBC-ის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა: „ეს უოტფორდი, ჩაკვეტაძისა და კვადვო ბაას გარეშე, სატურნირო ცხრილის შუა ნაწილის გუნდია. ჩაკვეტაძესთან და ბაასთან ერთად, თუ ტრავმირებული არავინაა, არის გუნდი, რომელმაც შეიძლება, პლეიოფის ზონაში შეაღწიოს“.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა.