კიდევ ორი თვე დასჭირდება - ენდრიკს არ უმართლებს
ენდრიკს დიდი იმედი ჰქონდა, რომ კარლო ანჩელოტისგან განსხვავებით, მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო თავის გამოჩენის საშუალებას ხშირად მისცემდა, თუმცა ძალიანაც რომ უნდოდეს, ბასკი სპეციალისტი ამას ჯერჯერობით ვერ გააკეთებს, რადგან ახალგაზრდა ბრაზილიელ ფორვარდს ტრავმები მოსვენების საშუალებას არ აძლევს.
გასული ლა ლიგის ბოლო ტურში „სევილიასთან“ (2:0) ენდრიკმა მუხლქვეშა მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, „პარი სენ-ჟერმენთან“ ნახევარფინალურ მატჩამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, რათა გუნდის სრულფასოვან წევრად ეგრძნო თავი. თუმცა, სამწუხაროდ ბრაზილიელს არ გაუმართლა, დაზიანების რეციდივმა იჩინა თავი და ახლა კიდევ ორი თვე მოუწევს მკურნალობა.
ცნობისათვის, სამეფო კლუბის ბევრი ქომაგი უკვე მიიჩნევს, რომ ტრავმებისადმი მიდრეკილი ენდრიკის ნაცვლად, ალონსოსგან ნდობას უფრო მეტად გონსალო გარსია იმსახურებს, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდის ბომბარდირი გახდა და 21 წლის ფორვარდს უკვე რაულსაც ადარებენ.