აიაქსში ელოდებიან - ტერ შტეგენის ტრანსფერი ჭიანურდება
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. გერმანელი მეკარე ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ტრანსფერის დასრულება მოსალოდნელზე მეტად გაჭიანურდა.
გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში „ევროპას“ წინააღმდეგ, რომელიც ჰანსი ფლიკმა დახურულ კარს მიღმა სავარჯიშო მატჩის ფორმატში ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში ვოიცეხ შჩესნი იდგა, ხოლო ტერ შტეგენმა მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა.
გერმანელი მეკარე უკვე რამდენიმე კვირაა ელოდება ამსტერდამში გამგზავრებას, სადაც „აიაქსს“ იჯარის წესით უნდა შეუერთდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას „ბარსელონასა“ და ფეხბურთელს შორის საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება აფერხებდა.
თუმცა კატალონიურ კლუბში ირწმუნებიან, რომ ძირითადი პრობლემები უკვე მოგვარებულია და შეთანხმების გაფორმება უახლოეს დღეებში მოხდება. მიუხედავად ამისა, ტრანსფერი ამ შაბათ-კვირას არ დასრულდება და „ბარსელონა“ მის ოფიციალურად გაფორმებას მომდევნო კვირაში ელოდება.
ტერ შტეგენს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ფეხბურთელმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ჰანსი ფლიკის გეგმებში აღარ შედის. გერმანელი სპეციალისტი გუნდის პირველ ნომრად ჟოან გარსიას მიიჩნევს, ხოლო მის შემცვლელად ვოიცეხ შჩესნი ჰყავს.
„ბარსელონას“ გეგმის მიხედვით, 2014 წლიდან კლუბში მოთამაშე, 423 მატჩის ჩამტარებელი და გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი შესაძლოა საერთოდ არ გაემგზავროს ინგლისში, სადაც კატალონიელები 3 აგვისტომდე წინასასეზონო შეკრებას გაივლიან.
მეორე ვარიანტით, რომელიც ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა, ტერ შტეგენი გუნდთან ერთად ინგლისში გაფრინდება, თუმცა კვირის შუაში პირდაპირ ბირმინგემიდან ამსტერდამში გაემგზავრება. საბოლოო გადაწყვეტილებას ჰანსი ფლიკი მიიღებს, რომელიც განაცხადს გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე დაასახელებს.
MARCA-ს ცნობით, მიუხედავად გარკვეული შეფერხებისა, ტრანსფერის ჩაშლის საფრთხე არ არსებობს. თუმცა „აიაქსში“ ვერ ხსნიან, რატომ ჭიანურდება შეთანხმება და რატომ ვერ ახერხებენ „ბარსელონა“ და ფეხბურთელი ყველა დეტალის საბოლოოდ შეთანხმებას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 31 ივლისს „ბირმინგემთან“ დაგეგმილი მეორე ამხანაგური მატჩისთვის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უკვე „აიაქსის“ ფეხბურთელი იქნება.