ბარსელონა
Aa
Aa

ტრაგედია მშენებლობაზე - კამპ ნოუს რეკონსტრუქციისას ადამიანი დაიღუპა

„ბარსელონას“ საშინაო სტადიონის, „კამპ ნოუს“, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს 54 წლის მუშა დაიღუპა. ტრაგიკული ინფორმაცია კლუბმა და კატალონიის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურეს.

„ბარსელონამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პირადად უსამძიმრებს ოჯახს და აცხადებს, რომ მთელი კლუბის სახელით მზად არის მათ გვერდით დადგეს,“ — ნათქვამია განცხადებაში.

კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე, ბარსელონას ლეს კორტსის რაიონში მოხდა.

„54 წლის მამაკაცი „კამპ ნოუს“ სამშენებლო სამუშაოების დროს მიღებული ძლიერი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ პოლიციის, საგამოძიებო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ — აცხადებენ სამართალდამცავები.

პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმეში უკვე ჩართული არიან მორიგე მოსამართლე და შრომისა და ბიზნესის დეპარტამენტიც.

„კამპ ნოუს“ მასშტაბური რეკონსტრუქცია 2023 წლის ივნისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, განახლებული სტადიონის მშენებლობა 2026 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების ვადა 2027 წლამდე გადაიწია. ამის შემდეგ დაიწყება სტადიონის სახურავის მონტაჟიც.

გულშემატკივრები „კამპ ნოუზე“ 2025 წლის ნოემბერში დაბრუნდნენ, თუმცა მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მატჩები ამ დრომდე შეზღუდული ტევადობით იმართება.

2025/26 წლების სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრას, „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ, 56 868 მაყურებელი დაესწრო, მაშინ როცა რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ „კამპ ნოუს“ სრული ტევადობა დაახლოებით 105 000 ადგილი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კარიმ ადეიემი ბარსელონას ფეხბურთელია
ოფიციალურად - კარიმ ადეიემი ბარსელონას ფეხბურთელია