ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა - ცნობილია, რა როლი ექნება ხედირას რეალში
მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიო დაინიშნა, მან სამწვრთნელო შტაბში სამი ხედირა მოითხოვა, რომელთანაც ბლანკოსში პირველად მოღვაწეობის დროს მუშაობდა.
ესპანური მედია გვამცნობს, თუ რა როლი ექნება გერმანელ ყოფილ ნახევარმცველს სამეფო კლუბში.
ხედირა კლუბში ახალ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ფიგურა იქნება.
კლუბში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარმცველის გამოცდილება გასახდელში კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და გუნდური ატმოსფეროს შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ხედირა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ფიგურა იქნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს, რათა ნებისმიერი დაძაბულობა დროულად განიმუხტოს და გუნდში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს.
გარდა ამისა, გერმანელი უკვე აქტიურად არის ჩართული ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც. ის ალკორკონთან მატჩისთვის მზადებისას გამართულ ერთ-ერთ საწვრთნელ სესიაზე, კერძოდ „რონდოს“ ვარჯიშის დროს, ფეხბურთელებთან ერთად მუშაობდა და მათ რეკომენდაციებს აძლევდა.
კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ხედირას მდიდარი სათამაშო გამოცდილება, ლიდერული თვისებები და ავტორიტეტი გუნდს როგორც მოედანზე, ისე გასახდელში მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
ცნობისთვის, მადრიდის რეალი უახლოეს პერიოდში 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 28 ივლისს ლეგანესთან, პირველ აგვისტოს ფიორენტინასთან, 8 აგვისტოს ფერენცვაროშთან, ხოლო 12 აგვისტოს ლაკორუნიის დეპორტივოსთან.
რაც შეეხება ლა ლიგას, ჟოზე მოურინიოს გუნდი პირველი ტურის მატჩს 22 აგვისტოს, სტუმრად ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.