შენგელიამ დუბაი გადაწყვიტა? - კაპიტანი ბარსელონას ტოვებს
რამდენიმე უცხოური სააგენტოს მტკიცებით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერას დუბაიში გააგრძელებს.
ერთ-ერთი გამოცემა Encestando-ს ცნობით, ქართველმა ფორვარდმა „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვიტა, ისევე როგორც მთავარმა მწვრთნელმა ჩავი პასკუალმა, მათი ახალი დანიშნულების ადგილი კი დუბაი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, შენგელია კონტრაქტის გამოსასყიდად 900 000 ევროს გადაიხდის და ამბიციურ პროექტს შეუერთდება, რომლის მიზანიც მინიმუმ „ოთხთა ფინალში“ გასვლაა.
მიუხედავად იმისა, რომ შენგელია უკვე 35 წლისაა, ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად რჩება და გავრცელებული ხმების თანახმად, მისით ბევრი სხვა მაღალი დონის გუნდიც იყო დაინტერესებული.
უცხოური მედია კი აღნიშნავს, რომ მწვრთნელ პასკუალთან კავშირმა მის გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.