“ასეთ სიტყვებზე ვწითლდები“ - დე ლა ფუენტეს ვრცელი ინტერვიუ
მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, გამოცემა AS-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფზე, საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიასა და ნაკრების წარმატების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა.
ოთხი წლის წინ, როდესაც დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ბევრი მის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა მას შემდეგ მან გუნდთან ერთად ერთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.
ოთხი წლის წინ თქვით: „საუკეთესო ფეხბურთელები მყავს“. მაშინვე თუ გჯეროდათ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონობით დასრულდებოდა?
„დარწმუნებული ვერ იქნები, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა. ამ გუნდმა კი თითოეული ნაბიჯი დიდი თავდაჯერებით, რწმენითა და სიმტკიცით გადადგა.
როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მივედით, ვფიქრობდი, რომ ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებდით. ამას ყოველთვის ვამბობდი. თუმცა გამარჯვება სულ სხვა საკითხია.
ფინალში აშკარა უპირატესობა გვქონდა. მეტოქემ კარის მიმართულებით ერთხელაც ვერ დაარტყა, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო. დამატებით დროში კუბარსის მოგერიებული ბურთი უნაი სიმონს რომ მოხვედროდა და კარში შესულიყო, შეიძლებოდა, მეტოქეს კარში დაურტყმელადაც მოეგო. საბედნიეროდ, ამ ეპიზოდს კარგად გავართვით თავს.“
რას ფიქრობთ, როდესაც ამბობენ, რომ ეს ლუის დე ლა ფუენტეს მსოფლიო ჩემპიონატია?
„ასეთ სიტყვებზე ვწითლდები. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს, პირველ რიგში, დიდი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატია.“
როგორ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მხოლოდ ერთი გაშვებული გოლით? რას ნიშნავს ეს სტატისტიკა?
„მთელი ტურნირის განმავლობაში მეტოქეებს მხოლოდ ათი დარტყმა ჰქონდათ ჩვენი კარის მიმართულებით. ამის მიზეზი ჩვენი გამართული და კარგად ჩამოყალიბებული დაცვითი სისტემაა.
ეს გუნდი ერთად იცავს თავს. თერთმეტივე ფეხბურთელი მონაწილეობს დაცვაში. სწორედ ამიტომ ვართ ასეთი დაბალანსებული გუნდი.
თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბევრ გოლსაც ვიტანთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ ბევრი გავიტანეთ. ეს შემთხვევითი არ არის. ბოლო 50 მატჩში 100-ზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი და ძალიან ცოტა გაშვებული.
ძალიან შეკრული, ერთმანეთისთვის თავდადებული გუნდი ვართ, რომელსაც დაცვაში თამაშის მკაფიო და კარგად დამუშავებული სისტემა აქვს.“
მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ოდესმე ეჭვი თუ შეგპარვიათ?
„არც ერთხელ. პირველივე მატჩის შემდეგაც კი არა. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობენ გარედან და ეს უფრო მშვიდად მუშაობის საშუალებას მაძლევს.
პირველი შეხვედრის შემდეგაც ვიცოდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით. ზოგჯერ უბრალოდ შთაგონება გაკლია, მეტოქე კი საუკეთესო ფორმაშია. თუმცა ჩვენი გუნდი დღითი დღე პროგრესირებდა და სულ უფრო ძლიერდებოდა.
გარდა ამისა, გუნდში ფანტასტიკური ატმოსფერო გვქონდა. 52 დღის განმავლობაში ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა. ასეთ რამეს ძალიან იშვიათად შეხვდები.“
მთელი ტურნირის განმავლობაში ცვლილებები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ისინი წინასწარ იყო დაგეგმილი თუ მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარეობდა?
„ეს ის შეგრძნებებია, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება. ტურნირს ყოველთვის გარკვეული ძირითადი შემადგენლობით იწყებ, მაგრამ შემდეგ აკვირდები, როგორ გრძნობენ თავს ფეხბურთელები, როგორ ვარჯიშობენ...
რა თქმა უნდა, ყველაფერი დეტალურად არის გაანალიზებული და შესწავლილი. შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი მყავს, რომელიც მუდმივად უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მაწვდის.
მაგრამ, ჩემი აზრით, არსებობს მეექვსე გრძნობაც, რომელიც ასეთ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ის გეხმარება კონკრეტულ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ყველაფერი თამაშის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. შეიძლება თავიდან ერთი გეგმა გქონდეს, მაგრამ მატჩმა სრულიად სხვა მიმართულებით წაგიყვანოს. ეს შეიძლება ტრავმამ, დისკვალიფიკაციამ, გაძევებამ ან გატანილმა და გაშვებულმა გოლმა გამოიწვიოს. საბოლოოდ, ფეხბურთს შეუძლია, რომ შენი თავდაპირველი გეგმა უკვე ათ წუთში მთლიანად შეცვალოს.
თუმცა ერთი რამ უცვლელია — ჩვენი მთავარი იდეა. სწორედ ამ ფილოსოფიით ვიწყებთ ყველა მატჩს, თუმცა კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებები მის გარკვეულ კორექტირებას იწვევს. ბოლოს კი თითოეული მოთამაშე და მწვრთნელი ამ იდეას საკუთარი ხედვით ავითარებს.“

ფინალში ზუბიმენდისა და ერიკ გარსიას გამოყენების არ შეგეშინდათ? ისინი მანამდე ტურნირზე ერთი წუთითაც არ გყავდათ ნათამაშები.
„არა და ამის მიზეზიც ძალიან მარტივია — ვიცოდი, რომ ორივე შესანიშნავ ფორმაში იყო. ყოველდღე ვხედავდით, როგორ მუშაობდნენ ვარჯიშებზე და დარწმუნებული ვიყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაშიც უპრობლემოდ ითამაშებდნენ.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა. ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ალექს რემიროს არ უთამაშია ერთი წუთიც კი. მეც მინდოდა, რომ თითოეულ მათგანს ეთამაშა, რადგან ყველანი ამას იმსახურებდნენ.
თუმცა ჩემთვის მთავარი ყოველთვის გუნდის ინტერესია. ის, რომ ყველას აუცილებლად უნდა ეთამაშა, არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. ევროპის ჩემპიონატის ფინალიც გავიხსენოთ — მაშინ ზუბიმენდი მეორე ტაიმში შევიდა და ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ახლაც ზუსტად იგივე მოხდა. ერიკ გარსიაზე კი რა უნდა ვთქვა? ის უბრალოდ შესანიშნავი ფეხბურთელია.“
ალბათ ისიც დაგეხმარათ, რომ ამ ფეხბურთელების უმეტესობას 16-17 წლიდან იცნობთ.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, უნაი სიმონი, მიკელ მერინო და როდრი იმ თაობის წევრები არიან, რომლებთანაც 2015 წელს დავიწყე მუშაობა. მანამდე მარკოს ლორენტეც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მყავდა გაწვრთნილი.
ის თაობა, რომელიც 16-17 წლის ასაკში ერთად შევკარით, თითქოს დღეს სრულ წრეს შემოუბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს გაიმართა, ზუსტად 11 წლის შემდეგ, რაც საბერძნეთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. სხვათაშორის, იმ გუნდში მიკელ ოიარსაბალი და ფაბიანი საერთოდ არ იყვნენ."
რომელი ფეხბურთელი იყო მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ყველაზე ბედნიერი? ფერან ტორესის რეაქცია განსაკუთრებული ხომ არ იყო?
„ძალიან გამიხარდა, რომ ფინალში გამარჯვების გოლი სწორედ ფერანმა გაიტანა. ყოველთვის ვცდილობ სამართლიანი ვიყო და როცა ვხედავ უსამართლო, გადაჭარბებულ და ზოგჯერ ბოროტი განზრახვით გაკეთებულ კრიტიკას, გულზე მხვდება. ცხოვრება ზოგჯერ შანსს გაძლევს, ყველას დაუმტკიცო, ვინ ხარ. სწორედ ეს გააკეთა ფერანმა.
ნაკრებში მისი სტატისტიკა შესანიშნავია და იგივე შეიძლება ითქვას საკლუბო კარიერაზეც. თითო მატჩში გატანილი გოლების მაჩვენებელი მართლაც შთამბეჭდავია. ამ მხრივ ის ცოტათი ალვარო მორატას მაგონებს. მიხარია, როცა უსამართლობის წინაშე ფეხბურთელი ამბობს — „აი, მე აქ ვარ“. ფერანმა ეს დაიმსახურა, რადგან ბევრი სხვა ასეთ ვითარებაში დანებდებოდა, მაგრამ მან ბრძოლა არ შეწყვიტა.“
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნაი სიმონის შესახებ დისკუსიაც დასრულდა...
„მეკარის პოზიცია განსაკუთრებულია. აქ ისე ვერ მოიქცევი, როგორც სხვა პოზიციებზე, სადაც დღეს ერთი თამაშობს, ხვალ — მეორე. მეკარეს სჭირდება ნდობა, სტაბილურობა, მუდმივი პრაქტიკა და სიმშვიდე. ეს არ ნიშნავს, რომ სხვები არ იმსახურებდნენ თამაშს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის სამი სწორედ ჩვენ გვყავს. მაგრამ მეკარეების მუდმივი როტაცია შეუძლებელია. თავადაც არ მოეწონებოდათ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე სტაბილურობა.
ფინალის შემდეგ სამი მეკარის ჩახუტება? ეს იმ თემების გაგრძელება იყო, რომლებზეც რეგულარულად ვსაუბრობთ — მოტივაციაზე, ღირებულებებსა და გუნდურობაზე. მეკარეების მწვრთნელი, მიგელ ანხელ ესპანია, ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ეს ერთი კადრი ძალიან ძლიერ გზავნილს ატარებს.
იგივე სიტუაციაა სხვა პოზიციებზეც. პრობლემები საერთოდ არ არსებობს. გრიმალდო და კუკურელია ახლო მეგობრები არიან, პედრო პორო და მარკოს ლორენტე კი თითქმის სულ ერთად არიან.“
როგორ ფიქრობთ, ევრო 2024-ის მოგება უფრო რთული იყო თუ მსოფლიო ჩემპიონატის?
„ეს ორი სრულიად განსხვავებული ტურნირია. ევროპულ ფეხბურთს კარგად ვიცნობთ და ის ჩვენთვის უფრო ნაცნობია. მსოფლიო ჩემპიონატი კი სხვა რეალობაა — აქ აფრიკულ და სამხრეთამერიკულ ნაკრებებს ეთამაშები და მათ სხვაგვარად უნდა მოერგო. მაგალითად, ზუსტად ვიცოდით, როგორი იქნებოდა ურუგვაისთან მატჩი ან ფინალი არგენტინასთან. სამხრეთამერიკული ფეხბურთი სწორედ ასეთია.
ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი თამაშის შენარჩუნება იყო. არც ერთ ფეხბურთელს არ გადაუხვევია იმ გეგმიდან, რომელიც გვქონდა, და არც მეტოქის სტილში თამაშის ცდუნებას ავყოლოდით. ასე თამაში უბრალოდ არ შეგვიძლია. იმ ფეხბურთში ისინი ჩვენზე ძლიერები არიან და აუცილებლად დავმარცხდებოდით. ჩვენი ძალა კი სწორედ ჩვენს სათამაშო სტილშია.“
ასეთი გამოცდილებისთვის დიდი სიმწიფეა საჭირო, მაგრამ თქვენი ნაკრები ძალიან ახალგაზრდაა. 18-19 წლის ფეხბურთელებში ასეთი მოწიფულობა ხშირად გინახავთ?
„ფეხბურთელი, რომელიც ამ ასაკში უკვე ელიტურ ან სუპერელიტურ დონეზე თამაშობს, ბუნებრივია, განსაკუთრებულია. ვინც ამ წლებში უმაღლეს დონეზე დებიუტს ახერხებს, ჩვეულებრივ, თანატოლებზე უფრო სწრაფად მწიფდება. მათ უკვე დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, პროფესიონალური ცხოვრება დაიწყეს, მაშინ როცა მათი მეგობრები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ ან უნივერსიტეტში აბარებენ.
ლამინ იამალი და პაუ კუბარსი განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან. ისეთი სიმწიფე და ინტელექტი აქვთ, რომ ჩემთვის ისინი უბრალოდ გენიოსები არიან.“

ახლა ყველა ესპანეთს აქებს, მათ შორის სხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებიც, რომლებიც თქვენს მოდელს მაგალითად მიიჩნევენ.
„ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს — ეს წარმატება მოულოდნელად არ მოსულა. ის წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მოდელზე მუშაობის შედეგია. ჩვენ ამ იდეის ერთგული დავრჩით.
რა თქმა უნდა, თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ხედვა და გარკვეული დეტალები შემოაქვს, არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში, არამედ ასაკობრივ გუნდებშიც, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
თუმცა ძირითადი კონცეფცია ყოველთვის უცვლელი იყო. ეს მოდელი ჩემამდე არსებობდა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში განვითარდა, რადგან ფეხბურთიც მუდმივად იცვლება.
ყოველი დიდი ტურნირი განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ფლანგელი შემტევების აქტიურად გამოყენება. დღეს ფეხბურთში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწრაფ გადასვლებსა და ტემპს აქვს.
ადრე თითქმის დაუწერელი კანონი იყო, რომ ბურთის ფლობის მაღალი პროცენტი გამარჯვების გარანტიას იძლეოდა. ახლა ეს ასე აღარ არის. დღეს შესაძლებელია გუნდმა ბურთი მხოლოდ 30 პროცენტით აკონტროლოს და მაინც 3:1 მოგიგოს.“
სხვა ქვეყნებიდან მოდიან, რომ თქვენი მოდელი შეისწავლონ ან რჩევები მიიღონ?
„ეს უკვე მრავალი წელია გრძელდება, ჯერ კიდევ ხინეს მელენდესის პერიოდიდან. აქ ჩამოდიოდნენ ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან... იყო პერიოდი, როცა იტალიელებიც ძალიან ხშირად მოდიოდნენ.
გერმანიასაც ჰქონდა სისტემა, რომელიც გარკვეულწილად ჩვენსას ჰგავდა. თუმცა ასეთი მოდელის შექმნა ძალიან რთულია.
პირველ რიგში, ამას მრავალი წელი სჭირდება. მეორე მიზეზი კი კლუბებია, სადაც შესანიშნავი მწვრთნელები ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე უმაღლეს დონეზე მუშაობენ.
სწორედ ამ სისტემის წყალობით ესპანელი ფეხბურთელი ბავშვობიდანვე ისე იზრდება, რომ, ჩემი აზრით, მსოფლიოში თამაშის გაგების საუკეთესო უნარი აქვს.“
რას ხედავთ საერთო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ნაკრებსა და დღევანდელ გუნდს შორის? ისევ „ტიკი-ტაკას“ ფეხბურთს თამაშობთ?
„ამ 16 წლის განმავლობაში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. მოდელი იგივე დარჩა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის განვითარდა. სიმართლე გითხრათ, ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ტიკი-ტაკა“, დიდად არ მომწონს. მესმის, რატომ იყენებენ, მაგრამ მირჩევნია ამას უბრალოდ ბურთის ფლობაზე დაფუძნებული ფეხბურთი ვუწოდო.
ხშირად სიტყვა „ტიკი-ტაკას“ ოდნავ დამამცირებელი ელფერიც დაჰკრავს. თუმცა ფაქტია, რომ ეს იდეა ესპანურ ფეხბურთში ღრმად არის გამჯდარი.
ყველაფერი კლუბებიდან დაიწყო. სწორედ იქ ჩამოყალიბდა ეს სათამაშო სტილი, ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა ის კიდევ უფრო განავითარა, გააძლიერა და მთელ მსოფლიოს გააცნო. ეს სრულიად ბუნებრივიც არის, რადგან ეროვნული ნაკრები სწორედ კლუბებში აღზრდილ ფეხბურთელებს ეყრდნობა.“
სექტემბერში ნაკრებს ისევ შეკრება აქვს. როგორ ხედავთ გუნდის მომავალს? ვინმემ უკვე გითხრათ, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს?
„ფეხბურთელები ამჟამად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ამასთან, გუნდი ძალიან ახალგაზრდაა. ისინი ყოველდღიურად იზრდებიან, გამოცდილებას იძენენ და კიდევ უფრო ძლიერდებიან. ნაკრებს კი ისევ ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეები ემატებიან, ამიტომ მომავლის მიმართ სრული ოპტიმიზმი გვაქვს.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არც ერთ ფეხბურთელს არ უთქვამს, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. ვფიქრობ, პირიქითაც კი არის.
თუმცა ერთი რამ მინდა დიდი სიყვარულით ვთქვა. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რომ მე არავის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც პროფესიულ ჩარჩოებს სცდება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებებს ემოციებით მივიღებ. ჩვენ მეგობრები ვართ. ბევრ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობ, ვიცნობ მათ მშობლებს, და-ძმებს, ახლა უკვე მეუღლეებსა და შვილებსაც. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს.
მაგრამ არჩევანს ყოველთვის სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპით ვაკეთებ. როგორც ერთ დროს მათ ვენდობოდი, დადგება მომენტი, როდესაც სხვებსაც უნდა მივცე შანსი.
ამის მაგალითები არიან ალვარო მორატა და დანი კარვახალი, რომლებმაც ნაკრებს შესანიშნავი მემკვიდრეობა დაუტოვეს. თუმცა მათი ისტორია აქ ჯერ არ დასრულებულა. თუ საჭირო გახდება, ეროვნული ნაკრების კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება. ჩვენ ასაკს არასოდეს ვუყურებთ. შეგახსენებთ, რომ ხესუს ნავასი ჩვენს გუნდში 39 წლის ასაკშიც თამაშობდა.“
ხშირად ამბობთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიც.
„ეს ორი რამ ერთმანეთს საერთოდ არ ეწინააღმდეგება. ერთად 52 დღე გავატარეთ. მანამდე 45 დღე ოლიმპიურ ნაკრებში, 43 დღე — 21-წლამდელებში... გულწრფელად რომ ვთქვა, გამიკვირდება, ვინმეს კოლეგად კარგი ადამიანი არ სურდეს. ასეთ გარემოში მუშაობა ბევრად მშვიდი და საიმედოა.
ამავე დროს, კარგი ადამიანი სულაც არ ნიშნავს, რომ ხასიათი, მებრძოლი სული ან ხარისხი აკლია. ხშირად ამ ცნებებს ერთმანეთში ვურევთ. მე ბევრად უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, როცა კარგი ადამიანები მახვევია გარშემო.
იმდენი წელი ვიმუშავე ასაკობრივ ნაკრებებში, რომ ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ. ხშირად მათ „ნედლეულს“ ვუწოდებ. ზუსტად ვიცით, ვინ როგორია, ვინ არ დაგაღალატებს და ვინ არ დაიწყებს უკმაყოფილების გამოხატვას, თუ 52-დღიან შეკრებაზე ერთი წუთიც არ მოუწევს თამაში. ჩვენ მათი ხასიათი ძალიან კარგად ვიცით.“
პირადად თქვენთვის რამდენად სასიამოვნო იყო ეს მსოფლიო ჩემპიონატი? უკვე 2030 წლის მუნდიალზე ფიქრობთ?
„იმედი მაქვს, ოთხ წელიწადში ამ ყველაფრის გამეორების შესაძლებლობა მომეცემა, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატი მართლაც უნიკალური იყო. იმ ბედნიერების, ემოციებისა და იმ განცდის გამო, როცა მთელი ქვეყანა შენს წარმატებას იზიარებს.
რაც შეეხება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ძალიან შორს არასდროს ვიყურები. ახლა მხოლოდ სექტემბრის შეკრებაზე ვფიქრობთ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ყოველთვის მხოლოდ მომდევნო ტურნირზე ვართ კონცენტრირებულები.“