ნიკოლას ოტამენდი
Aa
Aa

“მაღლა აწეული თავით მივდივარ“ - ოტამენდიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ნიკოლას ოტამენდიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ, ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა პირად სოციალურ ქსელში დაწერა.

რას წერს ოტამედნი?

„დღეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული სიტყვების დაწერა მიწევს. ძალიან პატარა ასაკიდან არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ეს ფეხბურთში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა. ამ მაისურს ყოველთვის სულით, სიამაყითა და იმ პასუხისმგებლობის შეგრძნებით ვიცავდი, რომელიც მილიონობით არგენტინელისთვის მასთან არის დაკავშირებული.

ბედმა ისე ინება, რომ ჩემი ბოლო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყო. შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ვნატრობდით, თუმცა მივდივარ მაღლა აწეული თავით, რადგან ვიცი, რომ ამ გუნდმა ბრძოლის შეწყვეტა ბოლო წამამდე არ იფიქრა.

ნაკრებს იმ მშვიდი სინდისით ვემშვიდობები, რომ ყველაფერი გავიღე. არასდროს დამიზოგავს თავი, არასდროს დამიკარგავს რწმენა და არასდროს შემიწყვეტია ამ მაისურის ყველაზე დიდ პატივად აღქმა.

მადლობა არგენტინის გულშემატკივრებს. მადლობა თქვენი უპირობო სიყვარულისთვის, ყოველი დროშისთვის, ყოველი სიმღერისთვის, იმისთვის, რომ გვერდით გვედექით როგორც გამარჯვების, ისე ყველაზე მძიმე წუთებში. ჰიმნის შესრულებისას ყოველთვის გვაგრძნობინებდით, რომ მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი კი არა, არამედ ერთი ოცნებისათვის მებრძოლი მილიონობით არგენტინელი იდგა.

მადლობა ჩემს ოჯახს. თქვენ იყავით ჩემი თავშესაფარი ყოველი დაცემის შემდეგ და ჩემი ძალა ყველა გამოწვევის დროს. თქვენ გადაიტანეთ დაშორება, მონატრება, ცრემლები და იმედგაცრუება. ეს გზა არასდროს გამივლია მარტო — თითოეული ნაბიჯი ერთად გადავდგით.

და მათ, ვინც დღესაც ატარებს ამ მაისურს, გულით მინდა ვუთხრა: არასდროს შეწყვიტოთ რწმენა. იქნება დარტყმები, რომლებიც გადაულახავი მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს მაისური ყოველთვის აჯილდოებს მათ, ვინც მას თავმდაბლობით, თავდადებითა და სიყვარულით იცავს. თავი მაღლა ასწიეთ, განაგრძეთ ბრძოლა და არ მისცეთ ერთ მარცხს თქვენი იმედის წართმევის უფლება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ისტორიის შემდეგი თავი უკვე თქვენ გეკუთვნით.

დღეს არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ვემშვიდობები, მაგრამ უზარმაზარი სიამაყით, რადგან ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვის პატივი მქონდა. ტიტულები ისტორიაში რჩება, თუმცა ამ ფერების სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება.

მადლობა, არგენტინა. მადლობა, რომ მომეცი შესაძლებლობა, მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მაისური მეტარებინა.

ნახვამდის, არგენტინის ნაკრებო.“

ცნობისთვის, 38 წლის უკანახაზელმა არგენტინის ეროვნულის ნაკრები პირველად 2009 წელს მოირგო და ჯამში 139 მატჩი ჩაატარა.

17 წლის განმავლობაში, ოტამენდიმ ალბისელესტეს რიგებში 4 ტიტული მოიგო. 2021 და 2024 წელს კოპა ამერიკა, 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე 2022-ში ფინალისიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სისულელეები ჭკუიდან მშლის, ესპანეთი უკეთესი იყო და ამიტომ მოიგო“ - პარედესი კონსპირაციის თეორიებზე
„ეს სისულელეები ჭკუიდან მშლის, ესპანეთი უკეთესი იყო და ამიტომ მოიგო“ - პარედესი კონსპირაციის თეორიებზე