“იამალი, როდრი ან მესი“ - პეტიმ ოქროს ბურთის კანდიდატები დაასახელა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ემანუელ პეტიმ, ჰარი კეინის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები პრაქტიკულად გამორიცხა და განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში ინგლისელი თავდამსხმელი ვერ გამოჩნდა.
Mr Gamble-თან საუბრისას პეტიმ აღნიშნა, რომ კეინის მიერ ბუნდესლიგაში გატანილი გოლები საკმარისი არ არის, რადგან ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრებში მას გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.
„ჰარი კეინის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები დასრულებულია. თუ მხოლოდ ბუნდესლიგის მიხედვით შევაფასებთ, პრობლემა არ არის — შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები დაიწყო, ვფიქრობ, ის უბრალოდ გაქრა.
მას ვერ დავადანაშაულებ, რადგან ყველაფერი სცადა და ბევრი გოლიც გაიტანა, თუმცა დიდ შეხვედრებში გავლენა ვერ მოახდინა, ზუსტად ისე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომ, ჩემი აზრით, მასზე წინ რამდენიმე ფეხბურთელია,“ — განაცხადა პეტიმ.
კითხვაზე, ვინ არიან „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები, ფრანგმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო, თუმცა კონკრეტული ფავორიტი არ დაასახელა.
„ლამინ იამალს შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. „ოქროს ბურთის“ წესებიც ძალიან შეიცვალა, ისევე როგორც ფეხბურთის წესები. როდრი ამ ტურნირზეც საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მესიმაც კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა, თუმცა ის ახლა მაიამიში თამაშობს,“ — აღნიშნა პეტიმ.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი „ოქროს ბურთის“ რბოლაზე უდიდეს გავლენას ახდენს, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ მარკეტინგული მიზეზებით არ უნდა შეირჩეს.
„ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ნებისმიერი საკლუბო ტიტულის მიღმა დგას, მაგრამ მაინც საჭიროა ტიტულების მოგება. ესპანელი ფეხბურთელი გაიმარჯვებს თუ არა, არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, საბოლოო გადაწყვეტილება კომერციული ინტერესებით არ იქნება ნაკარნახევი,“ — თქვა ფრანგმა.
მიუხედავად კრიტიკისა, ჰარი კეინმა შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა — მათ შორის, 36 ბუნდესლიგაში, 14 ჩემპიონთა ლიგაზე, 10 გერმანიის თასზე და ერთი ფრანც ბეკენბაუერის სუპერთასზე. მისი დახმარებით „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო, თავად კეინი კი ევროპის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენელები „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდნენ, ხოლო ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან 1:2 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ კეინმა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა, ინგლისი საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
ამავე დროს, BBC Sport-ის ინფორმაციით, „ბაიერნი“ კეინთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. 32 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება მომავალ წელს იწურება, თუმცა მიუნხენური კლუბი მის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს.